მიხეილ სააკაშვილი

NGO-ები: სააკაშვილის მკურნალობის საკითხი პოლიტიკური მიზანშეწონილობით არ უნდა გადაწყდეს

არასამთავრობო ორგანიზაციები ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. NGO-ების შეფასებით, სააკაშვილის შემდგომი მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს არა პოლიტიკური მიზანშეწონილების, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით.

"ბოლო დღეეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია და საჭიროებს მყისიერ რეაგირებას ექს-პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმებას ადასტურებენ ვიზიტორებიც. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ხაზს უსვამენსაერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მნიშვნელოვანი დამძიმების შესახებ დასკვნის არსებობის შემთხვევაში, სამკურნალოდ მისი უცხოეთში გადაყვანა არის "სწორი გზა, სხვა გზა არ არსებობს". სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ხსენებულ განცხადებას პოლიტიკური შინაარსის პასუხები მოყვა, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

ამრიგად, მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს, მიხეილ სააკაშვილის შემდგომი მკურნალობის, მათ შორის – საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროების საკითხზე მსჯელობისას, იხელმძღვანელოს ექსპერტთა დასკვნებში მითითებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიხედვით და არა პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, რათა სრულად გამოირიცხოს ჯანმრთელობის შემდგომი დამძიმებისა და სიცოცხლის ხელყოფის რისკები" - ვკითხულობთ მათ განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  • ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი;
  • პრევენცია პროგრესისთვის;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • მედიის განვითარების ფონდი;
  • მწვანე ალტერნატივა;
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამჟამად სააკაშვილი კლინიკა ვივამედშია მოთავსებული. 19 ნოემბერს გიული ალასანიამ თქვა, რომ სააკაშვილის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს, რომელსაც, მისივე სიტყვებით, "თვითონ ვერ გადაყლაპავდა". მოგვიანებით, ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს განცხადებით გამოეხმაურა სააკაშვილი - მისი თქმით, მისი არცერთი ადვოკატისთვის არასდროს არ უთქვამს, რომ მოწამვლაზე ეჭვი აქვს და "სპეკულაციები უადგილოა". იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამხარაულის ცენტრს სააკაშვილისთვის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის გაკეთებასთან დაკავშირებით მიმართა. 

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოექმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ქვეყნის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია - ამიტომ, მისივე სიტყვებით, თუ ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე დასკვნა იარსებებს, "ეს უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოზე და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება". მმართველი პარტიის ლიდერები პრეზიდენტს მიმართავენ, რომ "ნუ განიზრახავს, მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს". ოცნებაში ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ამას, შესაძლოა, პროტესტი მოჰყვეს. 

კომენტარები