აშშ-უკრაინა

ბაიდენი კონგრესს უკრაინისთვის დამატებით $37.7 მილიარდის გამოყოფის მოთხოვნით მიმართავს

Craig Hudson/Bloomberg/Getty Images

ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს უკრაინისთვის დამატებით $37.7 მილიარდის გამოყოფის მოთხოვნით მიმართავს. 

აღნიშნული თანხიდან $21.7 მილიარდი იქნება გამოყოფილი შეიარაღებისა და სხვადასხვა თავდაცვითი დახმარებისთვის, $14.5 მილიარდი ჰუმანიტარული დახმარებისა და უკრაინის ხელისუფლებისთვის, ხოლო $900 მილიონი აშშ-ში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად და $626 მილიონი უკრაინის ბირთვული უსაფრთხოების გასაძლიერებლად. 

ნოემბრის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით $400 მილიონს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. დახმარების ახალი პაკეტი T-72 ტანკებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს მოიცავს

24 თებერვლის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $18.2 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა გადასცა.

16 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. რუსულ რაკეტებზე ინფორმაციას პოლონეთის მთავრობა ჯერჯერობით არ ადასტურებს.

შემთხვევასთან რუსული რაკეტების კავშირს უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის მტკიცებითაც ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა" და მათ პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე იერიშები არ მიუტანიათ.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდეც დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

კომენტარები