დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

ჩრდ. კორეის რაკეტა სამხრეთის წყლების ახლოს ჩამოვარდა, სეულმა რაკეტების გაშვებით უპასუხა

ჩრდილოეთ კორეული რაკეტა ფხენიანში ჩატარებულ აღლუმზე.
Sue-Lin Wong/Reuters

2 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეამ 10 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. აქედან ერთ-ერთი სამხრეთ კორეის სანაპიროდან დაახლოებით 60 კილომეტრში ჩამოვარდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ფხენიანის მიერ გამოცდილი რაკეტა სამხრეთის ტერიტორიული წყლების მახლობლად ჩამოვარდა. 

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ტერიტორიული წყლები სახელმწიფოს სანაპიროდან 12 საზღვაო მილის (დაახლოებით 22 კმ) შემდეგ სრულდება. თუმცა რაკეტა ორი კორეის დე ფაქტო საზღვაო საზღვრის ჩრდილოეთის გამყოფი ხაზის (NLL) სამხრეთით ჩამოვარდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა შემთხვევას "ტერიტორიული დარღვევა" უწოდა.

ჩრდილოეთ კორეის ნასროლი რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი.
BBC

ჩრდილოეთ კორეა NLL-ს არ აღიარებს და ფხენიანში მიიჩნევენ, რომ ეს ზღვარი კორეის შიდა საზღვაო დემარკაციის ხაზია.

შემთხვევის შემდეგ, სამხრეთის პრეზიდენტმა "სწრაფი და მკაცრი პასუხის" პირობა დადო, რათა ჩრდილოეთს "პროვოკაციაზე საზღაური" გადაეხადა.

საპასუხოდ, სამხრეთ კორეის საბრძოლო თვითმფრინავებმა NLL-ის ჩრდილოეთით, ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიული წყლების მახლობლად სამი ჰაერი-მიწა ტიპის რაკეტა გაუშვეს. სამხრეთის ოფიციალური პირების თქმით, სამ რაკეტას შორის იყო ამერიკული AGM-84H/K SLAM-ER-იც, რომელიც მაღალი სიზუსტისაა და 360 კილოგრამიანი ქობინით 270 კილომეტრის მანძილზე ფრენა შეუძლია.

სამხრეთ კორეის გენერალთა გაერთიანებული შტაბის თქმით, ჩრდილოეთის მიერ გასროლილი იარაღი მოკლე მანძილის მქონე ბალისტიკური რაკეტა იყო, რომელიც ვონსანის რეგიონიდან გაუშვეს. მათივე თქმით, ფხენიანმა გამოცადა 10-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა, საკუთარი დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებიდან. გაერთიანებული შტაბის თქმით, სწორედ ამ 10 რაკეტიდან ერთ-ერთი NLL-ის სამხრეთით 26 კილომეტრში და სამხრეთ კორეის სანაპირო ქალაქ სოკჩოდან 57 კილომეტრში ჩამოვარდა.

რაკეტების გაშვებამდე რამდენიმე საათით ადრე ფხენიანმა სამხრეთისა და აშშ-ს ერთობლივი ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნების შეჩერება მოითხოვა. მათი თქმით, მსგავს "სამხედრო უპასუხისმგებლობასა და პროვოკაციას ვეღარ მოითმენენ".

ბოლო პერიოდში სამხრეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბულობა მკვეთრად იზრდება. მხოლოდ ამ წელს ჩრდილოეთ კორეამ 50-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ერთ-ერთმა იაპონიასაც კი გადაუფრინა. 

სამხრეთ კორეისა და აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, ფხენიანმა ყველა საჭირო მომზადება დაასრულა და მზადაა ბირთვული იარაღის გამოცდების გასაგრძელებლად, რაც ბოლოს 2017 წელს მოხდა.

კომენტარები