რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთმა ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა

ირანული შაჰედის ტიპის დრონი

20 ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა სამ ირანელ გენერალსა და ერთ კომპანიას რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა.

ბოლო კვირებში რუსეთი უკრაინაში აქტიურად იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე დრონებს. ამ შეიარაღების რუსეთისთვის მიწოდებას უარყოფენ თეირანსა და მოსკოვში.

ბრიტანეთის საგარეო უწყებას აღნიშნული აქვს, რომ რუსეთი ირანულ დრონებს იყენებს როგორც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ისე სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმისთვის და უკრაინელ ხალხს ტოვებს ენერგომომარაგების გარეშე.

სანქციები შეეხოთ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაურს, უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამის ხელმძღვანელს, ბრიგადის გენერალ საიდ აღაჯანის, გენერალ-მაიორ მოჰამად ჰოსეინ ბაღერის, რომელიც რუსეთისთვის დრონების გადაცემას კურირებდა და ბრიგადის გენერალ სეიედ ჰოჯათოლა ყურეიშის, რომელმაც რუსეთისთვის დრონების მიწოდების შეთანხმებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ამ სამ პირს ეყინებათ აქტივები და ეკრძალებათ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე გადაადგილება.

სამი მაღალი რანგის სამხედროს გარდა, სანქციები დაუწესდა შაჰედის საავიაციო ინდუსტრიასაც, კომპანიას, რომელიც Shahed-136-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.

აქამდე, გასულ დღეს, 19 ოქტომბერს ირანს, ამავე მიზეზით, სანქციები დაუწესა ევროკავშირმაც, ხოლო სანქცირების აშშ-მ მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები