უკრაინა-იაპონია

ზელენსკი: კურილის კუნძულების იაპონიის ტერიტორიად აღიარების ბრძანებას ხელი მოვაწერე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც უკრაინის რადა კურილის კუნძულებს იაპონიის ტერიტორიად აღიარებს. ამასთან ერთად, ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას ტოკიოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა

მანამდე, უკრაინის რადამ 287 ხმით რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ამ ფაქტს უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები უკან უნდა დაბრუნდეს. 

"ყირიმი უკრაინაა, კურილი იაპონია. 

რუსეთის მიერ მთელ მსოფლიოში ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დაბრუნდეს. დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ სწორედ ამ საკითხზე იმსჯელა. 

1945 წლის აგვისტოდან სექტემბრამდე საბჭოთა კავშირმა იაპონის ჩრდილოეთი ტერიტორიები უკანონოდ დაიკავა. რუსეთი, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, ვალდებული იყო, დაებრუნებინა ისინი, თუმცა მან ეს არ გააკეთა". - წერს სტეფანჩუკი Facebook-ზე. 

სადავო ტერიტორია, რომელიც იაპონიის 4 მთავარი კუნძულიდან ერთ-ერთის, ჰოკაიდოს ჩრდილოეთით მდებარეობს და მოიცავს 4 კუნძულს: ეტოროფუს, კუნაშირის, შიკოტანსა და ჰაბომაის. ეს კუნძულები საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომში იაპონიის მიერ 1945 წლის 15 აგვისტოს კაპიტულაციის შემდეგ დაიკავა. კუნძულებზე დავის გამო, ქვეყნებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გაფორმდა. 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიასა და სსრკ-ს შორის 1956 წელს გაფორმდა ორმხრივი შეთანხმება, თუმცა სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრები გრძელდებოდა. საბჭოთა კავშირი 1956 წლის პაქტით იაპონიას დათანხმდა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევის შემდეგ, კუნძულების ნაწილს ტოკიოს დაუბრუნებდნენ.

იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის, შინძო აბეს ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ რუსეთთან 1956 წლის პაქტის საფუძველზე ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელი იქნებოდა, ამიტომაც მოსკოვთან შედარებით რბილ პოლიტიკას ატარებდნენ. 2012-დან 2020 წლის შუალედში აბეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან 20-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა სადავო ტერიტორიების საკითხზე პროგრესს ვერ მიაღწია.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის გამო იაპონიამ რუსეთს სანქციები დაუწესა, მოსკოვმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბარი შეწყვიტა.

მოლაპარაკებების შეწყვეტის პარალელურად, რუსეთმა იაპონიის მოქალაქეებისთვის კურილის კუნძულებზე უვიზო მიმოსვლის სისტემა შეწყვიტა, დატოვა ერთობლივი სამეურნეო საქმიანობებზე დაკავშირებული საუბრები და დაბლოკა იაპონიის პარტნიორის სტატუსი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა სამშვიდობო მოლაპარაკებებს "რიტუალური" უწოდა და თქვა, რომ მხარეები კონსესუსამდე მაინც ვერ მივიდოდნენ.

ამას გარდა, 7 მარტს გამართულ მრჩეველთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ რუსეთის ფედერაციისა და იაპონიის სადავო ტერიტორიებს, კურილის კუნძულებს "განუყოფელი ტერიტორია" უწოდა, რაც მოსკოვის მიმართ ტოკიოს პოლიტიკის ცვლილებაა. 

იაპონელი პოლიტიკოსები ამ ტერმინის გამოყენებას 2018 წლის ნოემბრიდან ერიდებიან, მას შემდეგ, რაც მაშინდელი პრემიერმინისტრი, შინძო აბე იაპონია-რუსეთის სამიტზე დათანხმდა, დაეჩქარებინათ სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საუბრები. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კიშიდამ აქამდე გამოყენებული ტერმინი დააბრუნა.

კომენტარები