PACE

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებენ

ლონდონში მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა დოსიე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ყოფილ და მოქმედ ხელმძღვანელებს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებს. 

როგორც ჟურნალისტური პლატფორმა დოსიე წერს, PACE-ის ხელმძღვანელად ტინი კოქსის არჩევას რუსეთის მთავარი სადაზვერვო სააგენტო (ГРУ) ლობირებდა. დოსიეს ბრალდებით, კოქსი რამდენიმე წლის განმავლობაში კრემლის ინტერესების გამტარებელი იყო, ასევე, მათივე ბრალდებით, კრემლის გავლენის ქვეშ იყო ასამბლეის რამდენიმე წინა თავმჯდომარე. მათ შორის, ასამბლეის ყოფილი გენერალური მდივანი, პედრო აგრამუნტი.

დოსიეს გამოძიების მიხედვით, კოქსის მთავარი კოორდინატორი დაზვერვის პროფესიონალი რუსი თანამშრომელი, ვალერი ლევიცკი იყო.

როგორც გამოძიება ამბობს, კოქსი კრემლის "კონტაქტი" PACE-ში, მინიმუმ, 2014 წლიდან იყო, ხოლო მისი ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩევის იდეა მოსკოვში 2017 წელს გაჩნდა. დოსიე წერს, რომ 2021 წლის მარტისთვის კრემლში ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ კოქსი PACE-ის თავმჯდომარე გახდებოდა.

2017 წლის ივნისის რუსეთის დაზვერვის დოკუმენტებში წერია, რომ კოქსი კრემლის მხარდამჭერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეის ყოფილი პრეზიდენტის, პედრო აგრამუტის გადადგომის გაჭიანურებაში იყო ჩართული. 

"კოქსის მიხედვით, აპრილისთვის ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს". - ამბობს ლევიცკი რუსული დაზვერვის დოკუმენტის მიხედვით, სადაც განხილულია PACE-ის საბჭოში რუსეთისთვის ხმის მიცემის აღდგენის საკითხი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს საბჭოში ხმა 2014 წელს, უკრაინაში პირველად შეჭრის შემდეგ შეუჩერა. ხმის მიცემის უფლება რუსეთს საბოლოოდ 2019 წელს აღუდგა. 

მანამდე, ტინი კოქსთან პირდაპირ დაკავშირებული ლევიცკი რუსეთის გენერალური კონსული იქამდე იყო სტრასბურგში, სანამ საფრანგეთმა 2018 წელს ჯაშუშობის მოტივით გააძევა.

"ბატონი ლევიცკი გააძევეს, ვინაიდან იგი შუამავალი იყო რუსული გავლენის ქვეშ მყოფი აგენტებისა და ჯაშუშებისაც კი. ის მათთვის კარებს აღებდა და ჩვეულებრივ პირობებში მიუწვდომელ ადამიანებთან შეხვედრებს აორგანიზებდა. ასევე, ლევიცკი მაღალი რანგის დიპლომატებთან კომუნიკაციით დაზვერვისთვის ცნობებს აგროვებდა. გარდა ამისა, ბატონ ლევიცკის გავლენა ჰქონდა ზოგიერთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში". - წერს Le Monde. 

ასევე, დოსიეს აქვს დოკუმენტი, რომელშიც თავად ლევიცკი აღიარებს, რომ 1995-1998 წლებში მარსელში, რუსეთის ვიცეკონსულის თანამდებობაზე მუშაობისას იგი ოფიციალურად რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრი იყო. დოსიეს მიხედვით, ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ დიპლომატიური პოსტი მხოლოდ ГРУ-ს ოფიცრის საფარველი იყო.

Dossier

მიუხედავად ამისა, დოსიე წერს, რომ ლევიცკი ევროპის საბჭოში კრემლის ქსელის მართვასა და ტინი კოქსის კანდიდატურის დაწინაურების პროექტს მისი საფრანგეთიდან გაძევების შემდეგაც აგრძელებდა.

მაგალითად, დოსიეს გამოძიებაში გვხვდება მიმართვა, რომელიც ლევიცკიმ კოლეგებს სახელმწიფო სათათბიროში 2021 წლის მარტში გაუგზავნა. მოკლე მიმართვაში ლევიცკი კოქსს პირდაპირ PACE-ს მომავალ თავმჯდომარეს უწოდებს, თუმცა იმ დროს მისი კანდიდატურა არც კი იყო წარდგენილი და ასამბლეის ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე თითქმის ერთი წელი რჩებოდა. 

დოსიე წერს, რომ 2022 წლის იანვარში ტინი კოქსი სათავეში ჩაუდგა PACE-ს, ამავდროულად, აჯობა ერთადერთ კონკურენტს უკრაინიდან. საინტერესოა ისიც, რომ საინფორმაციო სტატიებში კრემლთან დაახლოებული გამოცემები მას პირდაპირ „პრორუსულ კანდიდატს“ უწოდებენ და იხსენებენ იმასაც, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის ინიციატორი სწორედ კოქსი იყო.

დოსიეს საპასუხოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის კერძო ოფისმა EUobserver-თან კომუნიკაციისას აღნიშნა, რომ კოქსი PACE-ში კრემლის მომრიგებელს არ წარმოადგენს და მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა.

„ასეთი ცნობები ყალბი და უსაფუძვლოა“, — წერს კოქსის კერძო ოფისი EUobserver-ს ელფოსტით. 

გარდა ამისა, ომის დაწყების შემდეგ, თავად კოქსი საჯაროდ მკაცრ პოზიციას იკავებს მოსკოვის მიმართ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, მისი ხელმძღვანელობით, მიიღო რეკომენდაცია უკრაინასთან ომის გამო რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის შესახებ.

რუსეთის გავლენის შესაძლო აგენტი, PACE და საქართველო

ტინი კოქსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იყო. 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და თავდაპირველად, არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შევიდა. 

ამასთან დაკავშირებით ტინი კოქსმა თქვა , რომ არჩევნების დღესვე შედეგების ეჭვქვეშ დაყენება და აქციებისკენ მოწოდება განვითარებული დემოკრატიებისთვის ნაკლებად დამახასიათებელია. ასევე, მან ყველა პოლიტიკურ პარტიას საპარლამენტო მანდატების მიღებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

"არჩევნების დასრულებისთანავე არჩევნების შედეგში დაეჭვება, ჩემი აზრით, არ არის საუკეთესო გზავნილი განვითარებული დემოკრატიაში. მოვუწოდებ ყველა პარტიას, ჯერ ნახონ, რა არის ამ არჩევნების შედეგები, შემდეგ განიხილონ, შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული შესაძლებლობები ჩივილისთვის, შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რა არის ამ არჩევნების შედეგები, მაგრამ შედეგებში ეჭვის შეტანა იმავე დღეს, როდესაც არჩევნები ჩატარდა, არ არის განვითარებული დემოკრატიის ნიშანი. აქციისკენ მოწოდება არჩევნების დღეს, არჩევნების შემდეგ დღეს, ჩემი მოკრძალებული აზრით, არის ამომრჩევლის უპატივცემულობა. რომელიც უფრო აქტიური იყო, ვიდრე ოთხი წლის წინ". - თქვა კოქსმა.

ასამბლეის დელეგაციამ, კოქსის ხელმძღვანელობით დაასკვნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული. თუმცა, დასკვნაში წერია, რომ ყოვლისმომცველმა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლის, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის გაბუნდოვნებისა და კამპანიის დაფინანსების მკაფიო რეგულაციის არარსებობის შესახებ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ შეამცირა.

კომენტარები