მოსმენების კანონი

ზარქუა: პრეზიდენტმა აი, ხოში მაქვსო და კანონს პოლიტიკური ვეტო დაადო, დავძლევთ ამ ვეტოს

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას მტკიცებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადების გაზრდასთან დაკავშირებულ კანონს "გავლილი აქვს ყველა ექსპერტული დასკვნა". მისი თქმით, პრეზიდენტმა ვეტო იმიტომ გამოიყენა, რომ "ხოში" ჰქონდა.

"პრეზიდენტმა ვეტო დაადო და რა ჩაწერა, იცით? მე არ მაქვს არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, თუმცა, ჩემი ვეტოს მიზეზი არის პოლიტიკური.  ამით ხომ ყველაფერია ნათქვამი ანუ სამართლებრივად სწორი არის, მაგრამ აი, ხოში მაქვსო და ასე პოლიტიკური ვეტო დაადო. კი ბატონო, სექტემბერში შევიკრიბებით და დაიძლევა ეს ვეტო" - ამბობს ზარქუა.

22 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფარული საგამოძებო მოქმედებების ჩატარების ვადების გაზრდასთან დაკავშირებულ კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, არ შეიძლება, "ამ დღეებში" საქართველოში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც კიდევ ავიწროებს ადამიანის უფლებებს.

"დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას, ამდენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. მე ვიცი, რომ იქნება დაძლეული და არ შეცვლის შინაარსობრივად, მაგრამ ეს იქნება ყოველივე კანონზე, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს და ავხსნი, რატომ ვადებ ვეტოს. ეს არის პოლიტიკური ვეტო უფრო, ვიდრე სამართლებრივი. 

არ შეიძლება, რომ ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც კიდევ ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული, ვიყოთ უფრო ევროპელი". - ამბობს ზურაბიშვილი. 

7 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატების ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. მიღებული კანონპროექტით, გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. 

ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა. 

კომენტარები