რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუიჯი დი მაიო: მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება ადამიანების სიკვდილით დასჯის ტოლფასია

ლუიჯი დი მაიო
EPA

იტალის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან ვირტუალური შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად გადამწყვეტი იქნება.

"მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ველით მკაფიო და კონკრეტულ სიგნალებს რუსეთისგან, რადგან მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება მილიონობით ბავშვის, ქალისა და მამაკაცის მძევლად აყვანასა და სიკვდილით დასჯას ნიშნავს". - თქვა დი მაიომ.

ამასთან ერთად, ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდალა ბუ ჰაბიბმა აღნიშნა, რომ საწვავისა და ძირითადი საკვები პროდუქტების ფასების ზრდა მის ქვეყანაში სიტუაციას ძაბავს. მისივე თქმით "დაინტერესებულ მხარეებზე უნდა მოხდეს ზეწოლა, რათა მარცვლეულისა და სხვა საქონლის უსაფრთხო ექსპორტი ყოველგვარი შეფერხების გარეშე უზრუნველყონ".


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

კომენტარები