რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩინეთის ცნობით, საერთაშორისო ვითარების ცვლილების მიუხედავად, რუსეთთან კავშირს გააძლიერებენ

ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი პეკინში

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო ვითარების ცვლილების მიუხედავად, ჩინეთი კვლავ განაგრძობს რუსეთთან სტრატეგიულ კოორდინაციას. 

მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიცემინისტრმა, ლე იუჩენგმა იგივე გაიმეორა ჩინეთში რუსეთის ელჩთან, ანდრეი დენისოვთან შეხვედრისას. 

"არ აქვს მნიშვნელობა, როგორ შეიცვლება საერთაშორისო ვითარება, ჩინეთი მომგებიანი თანამშრომლობისთვის რუსეთთან კოოპერაციის გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებს". - თქვა ლე იუჩენგმა.

ლემ, ასევე, "მდგრადი თანამშრომლობის" დასადასტურებლად აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა წლის პირველ კვარტალში თითქმის 30%-ით გაიზარდა და მიაღწია დაახლოებით 38.2 მილიარდ დოლარს. 

ჩინეთის სახელმწიფოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსეთთან ნავთობის არსებულ კონტრაქტებს იცავენ, თუმცა, მიუხედავად დიდი ფასდაკლებებისა, ერიდებიან ახალ შესყიდვებს. 6 აპრილს Reuters-მა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზიის უმსხვილესი გადამამუშავებელი კომპანია Sinopec-ი, ასევე CNOOC-იPetroChina და Sinochem -ი კვლავ ინარჩუნებენ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან.

მარტის დასაწყისში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლე იუჩენგმა აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სულ უფრო "აღმაშფოთებელი" ხდება

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბრამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩინეთს პასუხისმგებლობა დაეკისრება. 18 მარტს გამართული სატელეფონო საუბრისას სი ძინპინმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომი და მსგავსი კრიზისები არავის ინტერესებში არ შედის. საუბრის დროს ჯო ბაიდენმა სი ძინპინი გააფრთხილა, რომ თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინაში ქმედებებისთვის მატერიალურად დაეხმარება, ამას "შედეგები" მოჰყვება. 

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, დიდი შვიდეული (G7) აპირებს, რუსეთს ჩამოართვას ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები