უკრაინაში ვიზიტი

ბოკერია: თუ ვთვლით, რომ ეს რეჟიმი პუტინისტურია, მას უნდა მოვექცეთ, როგორც ასეთს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, არ შეიძლება ქართული ოცნებას პუტინისტურ რეჟიმად აფასებდე და ამის პარალელურად მასთან თანამშრომლობდე.

ბოკერია ამბობს, რომ დიდი შეცდომაა ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის პოზიცია და ენმ-ს წევრის, რომან გოცირიძეს მხრიდან ამის გაზიარება, რომ უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვისას ქართულ ოცნებასთან ერთად საპარლამენტო ოპოზიციას ერთიანი პოზიცია უნდა გააჩნდეს.

"კორექტირება უნდა მოახდინოს თავისი დამოკიდებულების საპარლამენტო ოპოზიციამ, მისმა დიდმა ნაწილმა. ეს რეჟიმი თუ არის ჩვენი აზრით, ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის აზრით არის და მე აქამდე ფორმალურად ასე ვიცოდი, რომ ნაციონალური მოძრაობაც და ლელოც ასე თვლიდა, კოლაბორაციონისტულ-პუტინისტური რეჟიმი, თუ ის ასეთი არის, ჩვენ უნდა მოვექცეთ მას, როგორც ასეთს. არანაირი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, რომც ეს იმ მომენტში არ მოეწონოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ აქ შესაძლებელია ერთიანი მოქმედება". - თქვა მან ტელეკომპანია პირველის ეთერში. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, მაგალითები იმის შესახებ, რომ ვოლოდომირ ზელენსკი და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ომის პირობებში ერთმანეთთან თანამშრომლობენ, რელევანტური არ არის.

"რელევანტური მაგალითი ზელენსკი და პოროშენკო კი არ არის, ეს არის ნორმალური ვითარება რომ გვქონდეს, ოღონდ, რასაც ქალბატონი სალომეც [სალომე სამადაშვილი] აღწერს და რა ნაწილშიც მეც დავეთანხმე, ეს არის ვითარება, თუკი ოდნავ უტრირებას მოვახდენთ, ჩვენი ხელისუფლება არის მედვედჩუკი, ვინც დაიჭირეს ახლა, ამიტომ სრული ნონსენსია ერთი მხრივ იძახდე, რომ პუტინისტური ხელისუფლება გყავს და პუტინის პატიმარია სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობა ლელოზე უფრო მკვეთრია და მეორე მხრივ იძახდე, რომ ახლა ერთად უნდა დავაფიქსიროთ ერთიანი პოზიცია მნიშვნელოვან საკითხზე". - თქვა გიგა ბოკერიამ.

13 აპრილს, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებულ შეხვედრის შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ უკრაინაში ოპოზიცია ცალკე წავა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე - ცალკე. ამის შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მან შეხვედრაზე ოპოზიციას შესთავაზა, დელეგაციაში სამი წევრი უმრავლესობიდან ყოფილიყო, სამი კი - ოპოზიციიდან. მისივე ინფორმაციით, ეს შეთავაზება არ გაიზიარეს. შეხვედრის შემდეგ, განცხადება გამოაქვეყნა ლელომ, სადაც წერია, რომ პარტია მზად არის მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტში და ასევე, ოპოზიციური პარტიების დელეგაციაშიც.


8 აპრილს უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩის დანაშაულების შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოწვევა გაუგზავნეს. საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტში თქვეს, რომ მიწვევა არ მიუღიათ, შემდეგ კი ქართული ოცნების წარმომადგენლები მედიასთან საუბრობდნენ, რომ პაპუაშვილი ავად იყო.  

მოგვიანებით მოწვევას გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარემ Facebook-ზე დაწერა, რომ წერილი ნამდვილად მიიღო, თუმცა, მისივე შეფასებით, უკრაინის მიერ მისი ბუჩაში ოფიციალური მიწვევა განმარტებებების გარეშე "არასათანადოდ" ჩანს. 

13 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარემ დაწერა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან საუბრისა და სამთავრობო მედია იმედზე მისი ინტერვიუს მოსმენის შემდეგ დარწმუნდა, რომ "ყველა უხერხულობისა და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა არსებობს". მისივე ცნობით, მას სტეფანჩუკთან კომუნიკაცია ჰქონდა და უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა დაუდასტურა.

კომენტარები