ეკონომიკური ზრდა

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს 3.5%-მდე შენელდება – აზიის განვითარების ბანკი

საიმონ დოუსონი / Bloomberg

"რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, 2021 წელს მიღწეული იმედისმომცემი ორნიშნა ზრდის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს 3.5%-მდე შენელდება" - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში წერია.

ამასთან, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის მცირედ გაუმჯობესებას და 5%-იან მატებას უწინასწარმეტყველებს.

"საქართველო რუსეთის უკრაინაში შეჭრის უარყოფით შედეგებს დაინახავს შემცირებული ტურიზმის, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების კუთხით,“ განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა და აღნიშნა, რომ "ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობას სჭირდება საბიუჯეტო ხარჯვების ფრთხილი გაანგარიშება, პანდემიასთან დაკავშირებული ორწლიანი გაზრდილი ხარჯვის შემდეგ". გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკი მიიჩნევს, რომ სასურველია, მთავრობამ ინვესტირება განახორციელოს ურბანულ არეალებში.

2021 წელი ქვეყანამ მშპ-ს 10.4%-იანი ზრდით დაასრულა. საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდის მიზეზი პანდემიურ პერიოდში დაფიქსირებული შემცირებაა. ამ მოვლენას საბაზისო ეფექტი ეწოდება, როცა გასული წლის ვარდნა წლევანდელი მონაცემების ზრდას უწყობს ხელს, რადგან ქვეყნის მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება.

რაც შეეხება 2022 წელს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.

"წინა პროგნოზებით, 2022 წელს 5%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ზრდის ტემპი 3-4%-ის ფარგლებში იქნება" - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში და მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევებია დასახელებული.

კომენტარები