რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლამბრეხტი: EU-მ რუსულ გაზზე ემბარგოს დაწესება უნდა განიხილოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ქრისტინ ლამბრეხტი

რუსი სამხედროების მიერ კიევის მახლობლად ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულების ფონზე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა თქვა, რომ ევროკავშირმა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა სასწრაფო წესით უნდა განიხილოს.

"აუცილებელია ამ ყველაფერზე რეაგირება. ასეთი დანაშაულები პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს". - ამბობს ლამბრეხტი ARD-თან ინტერვიუში.

აქამდე ბერლინი ეწინააღმდეგებოდა რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს, რადგან გერმანიისა და სხვა ევროპის ქვეყნების ეკონომიკა უმეტესწილად რუსულ გაზზეა დამოკიდებული. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია ამცირებს რუსული ენერგორესურსების მოხმარებას, თუმცა დაყოვნებლივ ვერ შეძლებს მასზე უარის თქმას. ევროკავშირის ქვეყნების ბუნებრივი აირის სარეზერვო მარაგების 40% რუსეთიდანაა იმპორტირებული. 


ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინის ქალაქ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები