რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა დაასახელა რამდენიმე საკითხი, რომლებიც სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებზე განიხილეს

"მთავარია უკრაინისთვის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შესახებ შეთანხმება. მხოლოდ ამ შეთანხმებით შეგვიძლია დავასრულოთ ომი, ისე როგორც ეს უკრაინას სჭირდება.

[...] ეს არის ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რათა ყველა ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრას". - თქვა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის მტკიცებით, უკრაინა მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ნეიტრალურ სტატუსს, თუ უსაფრთხოების სავალდებულო გარანტიები უზრუნველყოფილი იქნება.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქალაქებში, სადაც დაბომბვა მიმდინარეობდა, მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია, მათ შორის ალყაშია მოქცეული მარიუპოლის პორტი.

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მზარდია, ომის ესკალაციის პრობლემა, სიძულვილის ესკალაცია, ომის წესების დარღვევის პრობლემა და არა მხოლოდ ბრძოლის ველზე. 

[...] ხანდახან ერის განადგურების მოწოდებები ორივე მხირან მოდის. ეს ყველაფერი კონფლიქტებს იწვევს". - თქვა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ.

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები დღეს, 29 მარტს თურქეთში დაიწყო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები