სამართლიანი არჩევნები

"ხალხი გაცილებით სოლიდარულია უკრაინის მიმართ, ვიდრე ხელისუფლება" – ინტერვიუ ნინო დოლიძესთან

isfed.ge/

აკეთებს თუ არა საქართველოს მთავრობა საკმარისს უკრაინის მხარდასაჭერად, რატომ გამოვიდა მიმდინარე ომის პარალელურად აქციებზე ქართველი ხალხი და რატომ ცრუობს საერთაშორისო მედიაში პროტესტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტი - ამ საკითხებზე ტაბულა სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელ დირექტორს, ნინო დოლიძეს ესაუბრა.  

ნინო დოლიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიდგომა უკრაინის საკითხზე ორაზროვანია - მთავრობა ამბობს, რომ უკრაინას მხარს უჭერს, თუმცა ამას, მისივე სიტყვებით, არც ქმედებები და არც განცხადებები არ მოჰყვება, რადგან გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა, ქართული ოცნების მხრიდან სხვა აქტივობა არ გვინახავს, ასევე, არ მოგვისმენია მკაფიო მხარდამჭერი განცხადებები. 

"ცხადია, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი საქართველოს მთავრობის როგორც განცხადებებთან, ასევე ქმედებებთან დაკავშირებით. ქართველი ხალხი გაცილებით უფრო სოლიდარული და მხარდამჭერია უკრაინის მიმართ, ვიდრე ამას ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ იმ განცხადებებს, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, მათ შორის, საქართველოს პრემიერმინისტრის და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების მხრიდან - თითქოს, ეს ომი უკრაინაშია და საქართველოს არ ეხება, ან ის, რომ დაწესებული სანქციები არ მუშაობს და ა.შ. 

ჩვენ, შესაძლოა, ისეთი მხარდაჭერა ვერ გამოვუცხადოთ უკრაინას, როგორსაც ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკა ახორციელებს, მაგრამ ის, რაც შეგვიძლია, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ - ეს არის სრული და ღირსეული მხარდაჭერა, თუნდაც, განცხადებების დონეზე". - ამბობს ნინო დოლიძე. 

ტაბულას კითხვას, თუ რატომ გამოვიდა ქართველი ხალხი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აქციებზე, დოლიძე პასუხობს, რომ ამას ორი მიზეზი აქვს - ხალხს სურდა, უკრაინელებისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინა, რადგან რუსული აგრესია საკითხია, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ყოველთვის აერთიანებს, მეორე მიზეზი კი მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებებით გამოწვეული უკმაყოფილება იყო. 

"პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხალხი უკრაინისადმი დოლიდარობამ გამოიყვანა. ასევე, ჩვენ ვხედავთ, რომ ერთადერთი, რაც საქართველოს მოსახლეობას მუდმივად აერთიანებს, ეს არის რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გაერთიანება - ჩვენ ეს ვნახეთ გავრილოვის ღამესაც და სხვა შემთხვევებშიც. პირველი ნამდვილად იყო ეს სოლიდარობა, რამაც გამოიყვანა, თუმცა, ჩემი აზრით, მეორე ასევე იყო ის, რომ ხალხს არ მოეწონა, მაგალითად, პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები. ხალხმა ჩათვალა, რომ პრემიერმა ვერ გამოხატა ის სოლიდარობა და მხარდაჭერა, რასაც ქართველი ხალხი იჩენს. ამ გაბრაზებამაც გამოიყვანა რამდენიმე დღის განმავლობაში - ეს მუხტი ჩანდა კიდეც". - ამბობს დოლიძე. 

ტაბულამ დოლიძეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუზეც ჰკითხა - ზურაბიშვილი Euronews-თან საუბარში ამტკიცებს, რომ მთავრობა უკრაინის მხარდასაჭერად შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს და ქართველი ხალხი აქციაზე მთავრობისადმი უკმაყოფილებას არ გამოუყვანია, ის ფრუსტრირებული არ არის. 

"საქართველოს მოსახლეობა, ფაქტობრივად, ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა, როდესაც ვერ პოულობს, იმედებს ამყარებს ვინმეზე, თუ ვინმე რაიმე განცხადებას მაინც გააკეთებს. რამდენჯერმე საქართველოს პრეზიდენტმა, მაგალითად, პარლამენტში, ვფიქრობ, გააკეთა ის განცხადება, რომელიც ქართველ ხალხს სურდა. უფრო მეტად აჩვენა სოლიდარობა, ვიდრე ეს ხელისუფლებამ გააკეთა, ამ შემთხვევაში, აღმასრულებელმა და პარლამენტმა და თითქოს საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა, მხარდაჭერა აჩვენა ქართველმა ხალხმა, იმიტომ, რომ ვიღაცამ მაინც გააჟღერა ის მესიჯები, რაც მას სურდა. 

იმ ნაწილში არ ვეთანხმები ნამდვილად საქართველოს პრეზიდენტს, რომ ხალხი გამოვიდა არა იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. ხალხის გამოსვლის მიზეზი, ჩემი აზრით, იყო ორი - პირველი, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინას და მეორე ის, რომ ხალხმა ჩათვალა, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები არ იყო საკმარისი". - ამბობს ის. 

მმართველი პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებს ხშირად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებად მოიხსენიებს - ტაბულას კითხვაზე, თუ რატომ იქცევა ოცნება ასე და რას ხედავს ამ მიდგომაში მისთვის სასარგებლოს, დოლიძე განმარტავს, რომ ეს მმართველი პარტიის პოლიტიკური იარაღია, რომელსაც იყენებს ყველას მიმართ, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი. 

"2012 წელს საკმაოდ მძლავრი იყო ოპოზიციური განწყობები და მაშინ ქართული ოცნების მოსვლა ყველას გაუხარდა - ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ნამდვილად იყო ნეგატიური მუხტი. ჩემი აზრით, ქართულმა ოცნებამ სცადა, მხოლოდ ეს მუხტი გამოეყენებინა ამდენი წლის განმავლობაში ყველას მიმართ, თუკი ვინმე კრიტიკას გამოიჩენდა მმართველი პარტიის მიმართ. ქართული ოცნება დღემდე ცდილობს, ნაციონალური მოძრაობის მტრად წარმოჩენით შეინარჩუნოს ძალაუფლება, ეს მისთვის პოლიტიკური იარაღია, რომელსაც იყენებს როგორც ჩვენ წინააღმდეგ, ასევე, მედიის და აქტივისტების წინააღმდეგ, ზოგადად, ყველას მიმართ, თუკი ვინმე არის კრიტიკულად განწყობილი.

[...] ქართულმა ოცნებამ მოახერხა ნაციონალური მოძრაობით საზოგადოებაში მტრის ხატის შექმნა და შემდეგ ამ მტრის ხატის გადატანა ყველა იმ ჯგუფზე, რომელიც არის კრიტიკულად განწყობილი. ეს არის იარლიყი, რომელიც არავინ არ უნდა მიიკრას, ასეთი კომპლექსი ჩამოაყალიბა". - ამბობს დოლიძე. 

ტაბულამ ნინო დოლიძეს ჰკითხა, რამდენად რეალისტური ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი, შეიძლება, რომ ქართულ ოცნებას გაემიჯნოს. დოლიძის თქმით, ივანიშვილი, რომელიც მმართველი პარტიის უკან ახლაც დგას, ისე მოიქცევა, როგორ გზასაც მისთვის სასარგებლოდ ჩათვლის. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ახსოვდეს, რომ დღეს ქართული ოცნების უკან, რა თქმა უნდა, დგას ბიძინა ივანიშვილი. წარმოაჩენენ, თითქოს ის აღარ არის პოლიტიკაში და ა.შ. ცხადია, ყველამ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი რჩება ქართული ოცნების უკან. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მგონია, რომ იმ სიტუაციას გამოიყენებს თავისთვის საუკეთესო რაც იქნება - თუ იქნება საჭირო, დარჩება ქართულ ოცნებასთან, თუ იქნება საჭირო, გაემიჯნება". - ამბობს ის. 

 

კომენტარები