რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის ევროპის საბჭოდან გარიცხვას

PACE

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვას მხარი დაუჭრია. გადაწყვეტილებას 216 მომხრე ჰყავდა, რუსეთის გარიცხვის წინააღმდეგ კი მხარი არავის მიუცია.

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 25-წლიანი წევრობის შემდეგ მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას. ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება გვიწევს, მაგრამ მოხარული ვარ, რომ გავბედეთ პირველად ისტორიის განმავლობაში. ჩვენს წევრ სახელმწიფოზე, უკრაინაზე სასტიკი აგრესია მიუღებელია. დაასრულეთ ომი ახლავე". – წერს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ტინი კოქსი Twitter-ზე.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრამდე რუსეთმა თავად მიმართა ორგანიზაციას ოფიციალურად გასვლის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნები ორგანიზაციას ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად იყენებენ.

25 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერების გადაწყვეტილებას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები