ბადრი ესებუას საქმე

გომელაური: ბადრი ესებუას ვეძებთ და როცა დავიჭერთ, მოგახსენებთ აუცილებლად

ტაბულა

"ესებუას ვეძებთ და როცა დავიჭერთ, მოგახსენებთ აუცილებლად" - ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კითხვას, რა ეტაპზეა ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელ ბადრი ესებუას დაკავების საქმე.

შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ არის. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები