ფინეთი

ფინეთი: მზად ვართ მოვითხოვოთ NATO-ში გაწევრიანება, თუ უსაფრთხოების საკითხი გამწვავდება

ფინეთის პრემიერმინისტრი, სანა მარინი
BBC

რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის ფონზე, ფინეთის პრემიერმინისტრი, სანა მარინი აყენებს წინაპირობას, თუ რა შემთხვევაში მოითხოვს ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

"ფინეთი მზადაა გააკეთოს განაცხადი NATO-ში შესვლაზე, თუ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი მწვავედ დადგება", – თქვა ფინეთის პრემიერმინისტრმა. 

ამის შესახებ სანა მარინი ფინეთის პარლამენტის სხდომაზე საუბრობდა, სადაც განიხილავდნენ გარე პოლიტიკის საკითხებსა და რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას. 

პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა დიდი ომის საფრთხე იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე აქამდე ყოფილა და მოსკოვის ქმედებებს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებზე გრძელვადიანი გავლენა ექნება. 

სხდომაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკკა ჰაავიტომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა. 

2022 წლის დასაწყისში, რუსეთი-უკრაინის საზღვრებზე არსებული დაძაბულობის პარალელურად, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ საახალწლო მიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა მისი ქვეყნის თავისუფალ არჩევნად რჩება.

"დაე კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი: ფინეთის მოქმედებისა და არჩევნის თავისუფლება მოიცავს NATO-სთან სამხედრო კავშირის შექმნასა და გაწევრიანების მოთხოვნასაც, თუ ჩვენ ასე გადავწყვეტთ", – თქვა საული ნიინისტემ.

პრეზიდენტის სიტყვა საკუთარ მიმართვაში განავრცო ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა. 

"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ წარსულით ვისწავლეთ. უარს არ ვიტყვით მოქმედების თავისუფლებაზე", – თქვა მარინმა და დაამატა, რომ ყველა ქვეყანას საკუთარი საგარეო პოლიტიკის არჩევის უფლება აქვს.

აქამდე, 2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებდა, რომ თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრები გახდებიან, "ამას სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება".


21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ. 

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, სანქციები დაუწესეს ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VEB-ს და სამხედრო ბანკს. ასევე, "ყოვლისმომცველი სანქციები" დაწესდა რუსეთის სუვერენულ ვალზე. 

22 თებერვალს აშშ-ს გარდა რუსეთს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმაც. ევროკავშირის სანქციები რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო, დიდი ბრიტანეთის კი 5 ბანკს და სამ მილიარდერს. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს. რუსეთს სანქციებს უწესებს იაპონია და კანადაც. 

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები