პოლიციელების ძალადობა

შშმ არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ავრცელებს. მათივე ცნობით, მოზარდი ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოიკითხა. 

დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 24 იანვარს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძების დაწყების შემდგომ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოიკითხა პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა ძალადობა. გამოთხოვილ იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერები, ამოღებულ იქნა ერთ-ერთი დაკავებულის მობილური  ტელეფონი, დაინიშნა ექსპერტიზები. 

დადგენილია, რომ 2022 წლის 23 იანვარს, საღამოს საათებში, დაახლოებით, 20:00-დან 21:00-მდე დროის მონაკვეთში, 17 წლის შშმ არასრულწლოვანი ძმასთან და მეგობართან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ ისანში. მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში. აღნიშნულ ოთახში საპატრულო პოლიციის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად. საპატრულო პოლიციის მე-2 თანამშრომელმა, რომელიც შეესწრო მისი კოლეგის მხრიდან ძალადობის ფაქტს, არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ორგანოს, კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს". - თქვეს ბრიფინგზე.   

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ან ჯარიმით ისჯება. ასევე, შესაძლოა, ბრალდებულს 5-დან 10 წლამდე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამოერთვას. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება კი, სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 8-წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 3-წლამდე. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს სთხოვს, საკითხის გაშუქებას "სიფრთხილით მოეკიდოს", რადგან საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირზე ძალადობას. 

24 იანვარს ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელმა ყრუ ახალგაზრდას სცემა. კონფლიქტი პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის მეტროს ესკალატორზე დაიწყო. ერთ-ერთმა პირმა პოლიციელისთვის სცადა ახსნა, რომ არასრულწლოვანი შშმ პირია. სოციალური მედიით გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ისმის საუბარი მოქალაქესა და პოლიციელს შორის:

"მოქალაქე: ხელი გაუშვით
პოლიციელი: შენ ხომ გვიცნობ?
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია
პოლიციელი: მანდ უნდა იაროს მერე?
მოქალაქე:ყრუ-მუნჯია თქო
პოლიციელი: შენ ხომ ჭკვიანი ხარ? შენ ხომ გესმის? უნდა დაარიგო მერე
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია, რა უნდა ვუთხრა?
პოლიციელი: ეს ყრუმუნჯია? რო ავალაპარაკო ეხლა?
მოქალაქე: მიდი აალაპარაკე და მილიონს მოგცემ
პოლიციელი: მოდი, ეხლა უნდა ავალაპარაკო"

მომხდარს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო - უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება" და გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. 

კომენტარები