ტაივანი

ნიკარაგუა ტაივანთან დიპლომატიურ კავშირს წყვეტს

ნიკარაგუამ ტაივანთან ხანგრძლივი დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა, მიიღო “ერთი ჩინეთის” პოლიტიკა, რაც ჩინეთის მხოლოდ ერთი  მთავრობის აღიარებას გულისხმობს.

"ნიკარაგუას მთავრობა დიპლომატიურ კავშირს - ნებისმიერ კონტაქტსა და ოფიციალურ ურთიერთობას წყვეტს ტაივანთან. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს მთლიან ჩინეთს და ტაივანიც ამ ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია",- თქვა ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჩინეთის სამთავრობო მედიის თქმით, ჩინეთისა და ნიკარაგუას წარმომადგენლები ერთმანეთს ჩრდილოეთ ჩინეთში პარასკევს შეხვდებიან. 

ტაივანმა ნიკარაგუას გადაწყვეტილებას მალევე უპასუხა და აღნიშნა, რომ ცენტრალური ამერიკის ქვეყნის პრეზიდენტი დანიელ ორტეგა უგულებელყოფს ტაივანისა და ნიკარაგუას ხალხის მეგობრობას. 

"როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრი, ტაივანს აქვს უფლება განავითაროს დიპლომატიური კავშირები”,- აღნიშნავს ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი. ტაივანი განაგრძობს “პრაგმატულ დიპლომატიას", რათა გააფართოოს საერთაშორისო მხარდაჭერა, და მიაღწიოს საერთაშორისო აღიარებას. 

ნიკარაგუას მიერ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტა ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ორტეგასთან რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, გადაწყდა, რომ ნიკარაგუას პრეზიდენტის ეროვნული მრჩევლისთვის სანქციები დაეწესებინათ. გასულ თვეს ამერიკის პრეზიდენტმა ნიკარაგუას საპრეზიდენტო არჩევნებს "პანტომიმა" უწოდა

ნიკარაგუას გადაწყვეტილებით, ტაივანის სუვერენიტეტის ამღიარებელთა რიცხვი 14-მდე შემცირდა. მათი ძირითადი ნაწილი ღარიბი ქვეყნებია აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში.


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

 

კომენტარები