ტაივანი

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ლიზ თრასი ტაივანს ეწვევა

Jonathan Brady/PA Media

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ლიზ თრასი მომავალ კვირას ტაივანში ჩასვლას, ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას და სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

სავარაუდოა, რომ თრასის ვიზიტი ოფიციალური პეკინის წყრომას გამოიწვევს და ჩინეთის მიმართ დიდი ბრიტანეთის მოქმედი მთავრობის ფრთხილ პოლიტიკას ზიანს მიაყენებს.

"ტაივანი თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურაა. პეკინის რეჟიმის მხრიდან მზარდი აგრესიული ქმედებებისა და რიტორიკის ფონზე, მოუთმენლად ველი პირადად გამოვხატო სოლიდარობა ტაივანელი ხალხის მიმართ". - თქვა კონსერვატიული პარტიის ყოფილმა ლიდერმა.

თრასი, რომელსაც ბორის ჯონსონის კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოლო მოგვიანებით, სულ რაღაც 49 დღის განმავლობაში პრემიერის თანამდებობაც ეკავა, საკუთარი კარიერის აღდგენას ყურადღების საგარეო ურთიერთობებზე გამახვილებით ცდილობს.

ვიზიტი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივან ჯეიმს ქლევერლის გაფრთხილებას მოჰყვება, რომელმაც თქვა, რომ ჩინეთთან ურთიერთობაში "ფარდის ჩამოშვება" ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებისთვის კონტრპროდუქტიული იქნება.

გასულ წელს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო ჩინეთმა შეიარაღებული ძალები უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები გამართა.


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

"ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები