ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულებით მსოფლიოში 21-ე ადგილზეა 

მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. 

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია. 

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრებით. 

2020 წელს საქართველომ ფულადი გზავნილების სახით 1.8 მილიარდი დოლარი მიიღო, წმინდა გზავნილების მოცულობამ კი 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმავე პერიოდში ქვეყნის მშპ-ს მოცულობა 15.9 მილიარდი დოლარი იყო.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკაში ფულადი გზავნილების წილმა 13.3% შეადგინა, რაც ნიკარაგუის, გვატემალისა და კაბო-ვერდეს შედეგებს უახლოვდება. 

ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგი:

  1. ტონგა - 37.2%
  2. სომალი - 35.3%
  3. ყირგიზეთი - 31.3%
  4. ტაჯიკეთი - 26.7%
  5. ლესოთო - 25.5%
  6. სალვადორი - 24.1%
  7. ნეპალი - 24.1%
  8. ჰონდურასი - 23.5%
  9. ჰაიტი - 23.2%
  10. იამაიკა - 22.2%
  11. გამბია - 21.9%
  12. ბერმუდა - 20.7%
  13. კოსოვო - 18.9%
  14. ლიბანი - 18.9%
  15. სამოა - 18.6%
  16. ღაზას სექტორი - 17%
  17. მოლდოვა - 15.7%
  18. ნიკარაგუა - 14.7%
  19. გვატემალა - 14.7%
  20. კაბო-ვერდე - 14.4%
  21. საქართველო - 13.3%
  22. კომორის კუნძულები - 13.2%
  23. მარშალის კუნძულები - 13.1%
  24. მონტენეგრო - 12.6%
  25. იემენი - 12.2%

კომენტარები