აშშ-ჩინეთი

ჩინეთი აშშ-სა და ტაივანს შორის ნებისმიერი სახის სამხედრო შეთანხმებას ეწინააღმდეგება

ტაივანელი სამხედროები

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ვან ვენბინის თქმით, ოფიციალური ჩინეთი ეწინააღმდეგება აშშ-სა და ტაივანს შორის თანამშრომლობას და ნებისმიერი სახის სამხედრო ალიანსსა თუ შეთანხმებას. 

"ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით აშშ-სა და ტაივანს შორის სამხედრო თანამშრომლობას. ასევე, ვეწინააღმდეგებით ჩინეთის საშინაო საქმეებში აშშ-ს ჩარევასა და პროვოცირების მცდელობებს.

ერთიანი ჩინეთის პრინციპი ჩვენი და აშშ-ს პოლიტიკური ურთიერთობების საფუძველია. აშშ-მ სათანადოდ უნდა დააფასოს ჩინელი ხალხის მტკიცე პოზიცია ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესახებ". – თქვა ვენბინმა. 

ჩინეთის საგარეო სამინისტროს კომენტარი ტაივანის პრეზიდენტის, ცაი ინ-ვენის მიერ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუს მოჰყვა, სადაც მან თქვა, რომ ამერიკელი და ტაივანელი სამხედროები ერთობლივ წვრთნებს ატარებენ და მხარეებს შორის სტრატეგიული კავშირები მყარდება. 


აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ტაივანზე ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში, კუნძულის დაცვის ვალდებულებას იღებს.

ჯო ბაიდენს დაუსვეს შეკითხვა, დაიცავდა თუ არა შეერთებული შტატები ტაივანს, თუკი მას თავს ჩინეთი დაესხმებოდა, რაზეც პრეზიდენტმა დადებითი პასუხი გასცა.

"კი, ჩვენ ვალდებული ვართ", – უპასუხა ჯო ბაიდენმა ტაივანის დაცვასთან დაკავშირებულ შეკითხვას. 

განცხადებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ეს ვაშინგტონის ტაივანის მიმართ აქამდე არსებული პოლიტიკიდან გადახვევად იქნა აღქმული. აშშ-ს აქვს კანონი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას ტაივანისთვის დახმარებას ავალდებულებს, თუმცა ჯერ კიდევ არაა ზუსტად გარკვეული, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კუნძულს ჩინეთი დაესხმება თავს. 

თეთრ სახლს ბაიდენის სიტყვებთან დაკავშირებით განმარტებითი განცხადების გაკეთება მოუწია. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, პრეზიდენტის სიტყვები არ მიუთითებს აქამდე არსებული პოლიტიკის ცვლილებაზე. 

"არ ვაცხადებთ რაიმე ცვლილებას ჩვენს პოლიტიკაში და არანაირი ცვლილება არაა ჩვენს პოლიტიკაში", – თქვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჯო ბაიდენის ტაივანზე ნათქვამმა სიტყვებმა ესეთი რეაქცია გამოიწვია. მსგავსი რამ მოხდა 2021 წლის აგვისტოშიც, როდესაც პრეზიდენტი ინტერვიუს ABC News-ს აძლევდა. თეთრ სახლს ამ დროსაც განმარტების გაკეთება მოუწია. 

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დაარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

კომენტარები