აგვისტოს ომი

კანდელაკი სტრასბურგზე: ჩვენი მთავრობა სოროშია ჩამძვრალი და იქცევა როგორც რუსეთის სატელიტი

გიორგი კანდელაკი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები დაუშვებლად ცნო. 

კანდელაკის თქმით, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო
პირნათელია 2008 წლის რუსეთის აგრესიის ამბავში, თუმცა, ხელისუფლება ამ შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დევნილების უფლებების დასაცავად არ იყენებს.

"ნორმალური მთავრობის პირობებში ეს კიდევ ერთი იარაღი გახდებოდა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი საკითხის წამოსაწევად, დეოკუპაციის საკითხის წამოსაწევად, დევნილთა საკითხის და მათი ქონების დაბრუნების წამოსაწევად, თუმცა ამის მაგივრად მთავრობა სოროშია ჩამძვრალი, იქცევა როგორც რუსეთის სატელიტი. დე ფაქტო საქართველო კი უკვე რუსეთის სატელიტია, ამერიკული და ევროპული კომპანიები აფხაზეთში ჩვენი დევნილებისთვის წართმეული უძრავი ქონების გაქირავებით აკეთებენ ფულს". – თქვა კანდელაკმა 

სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომზე საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინსიტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე თქვა. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო. 

სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში. 


საქართველო რუსეთს ადანაშაულებდა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი ან ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-13 (ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაში, ასევე ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი (საკუთრების დაცვის) და მე-2 (განათლების უფლების) და მეოთხე დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლების) მუხლების დარღვევაში. 

სარჩელი საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად 2011 წლის 13 დეკემბერს ცნო. 2012 წლის 3 აპრილს სასამართლოს პალატამ საქმის განხილვის იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას. 

სასამართლომ მტკიცებულებები მოისმინა მოწმეებისა და ექსპერტებისგან 2016 წლის 6-დან 17 ივნისამდე პერიოდში გამართულ მოსმენებზე. საქმეზე ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა. 

კომენტარები