ფარული მოსმენები

მეუფე პეტრეს დასჯის შემდეგ მეუფე იობმა მხარდაჭერა გამოუცხადა

ghn.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ფაილების მიხედვით, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას მხარდაჭერა გამოუცხადა.

"იობი აქიაშვილი დაუკავშირდა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, რომელსაც მოუწოდა სიმშვიდისკენ და განუცხადა - "მალე სიმართლე იზეიმებს, რაც სინოდზე მოხდა, იყო წინასწარ დაგეგმილი სპექტაკლი. ის მღვდელმთავრები, რომლებიც ყველაზე მეტს ყვიროდნენ, სხდომის წინა დღეს შეიკრიბნენ და წინასწარ დაგეგმეს პროცესების ამ ფორმით განვითარება. ფაქტიურად სინოდს თქვენთან დაკავშირებით არ უმსჯელია, მხოლოდ პატრიარქმა წაიკითხა განჩინება და დაასრულა სხდომა". აქიაშვილმა ასევე განმარტა - "ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, რომ რუსული ფრთა ძლიერდება, ვინც აქტიურობდა, ყველა რუსული იდეოლოგიის მატარებლები იყვნენ, სერგის (სავარაუდოდ გულისხმობს ნეკრესის მიტროპოლიტ სერგი ჩეკურიშვილს) სულიერი შვილები არიან, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ყველაფერი".

საუბრის დასასრულს, აქიაშვილმა ცაავას განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არის ესტუმროს ჭყონდიდის ეპარქიაში და ღიად გამოუცხადოს მხარდაჭერა" - ნათქვამია სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომლების მიმოწერაში, რომელიც 2019 წლის 1-ელი ნოემბრით თარიღდება.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა წმიდა სინოდის 31 ოქტომბრის სხდომაზე  განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა.


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. 

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

დოკუმენტების მიხედვით, სუს-ს ელჩების საუბრებიც აქვს ჩაწერილი. მასალებით, სუს-ი უსმენდა კელი დეგნანს, კარლ ჰარცელსა და რან გიდორს. ფორმულას ინფორმაციით, უწყება კარლ ჰარცელს არა მხოლოდ სასულიერო პირებთან, არამედ საკუთარ თანაშემწესთან საუბრის დროსაც უსმენდა. ამის გამო, საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელის სათავო ოფისში დაიბარეს. კარლ ჰარცელის თქმით, დიპლომატების სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხს ევროკავშირი ძალიან სერიოზულად აღიქვამს, ვინაიდან ეს ვენის კონვენციის დარღვევაა და "არ არის ბუნებრივი, როცა ასეთი დამოკიდებულებაა პარტნიორი ქვეყნის მხრიდან".

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით კი, დიდია ალბათობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი მასალა "ფაბრიკაციის გზით იყოს შექმნილი. ასევე, საპატრიარქო ფაილების დიდ ნაწილს სიცრუეზე აგებულს უწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დოკუმენტი სიმართლესაც შეიცავს. 

ამავე თემას ეხებოდა 19 სექტემბერს გასული გადაცემა მთავარი აქცენტები. მთავარი არხის მტკიცებით, მათ ინტერვიუ სუს-ის მოქმედ თანამშრომელთან. პირი, რომელიც ანონიმურად რჩება, ამბობს, რომ უწყებაში სასულიერო პირების გარდა, პოლიტიკოსებს, ელჩებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს უსმენენ.

კომენტარები