ავღანეთი

ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემთხვევაში, ევროკავშირი თალიბანს იზოლაციით დაემუქრა

ჯოზეფ ბორელი
European Interest

ევროკავშირი თალიბანს ავღანეთში ძალაუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლაციით დაემუქრა. 

"თუ ძალაუფლების ხელში ჩაგდება ძალადობრივად მოხდება და ისლამური საამირო კვლავ ჩამოყალიბდება, თალიბანი აღმოჩნდება არაღიარების, იზოლაციის წინაშე, საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე, იმ შესაძლებლობის პირისპირ, რომ კონფლიქტი და არასტაბილურობა ავღანეთში გაგრძელდება". – თქვა საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.  

"ევროკავშირის მიზანია, გააგრძელოს ავღანელი ხალხის მხარდაჭერა და მათთან თანამშრომლობა, მაგრამ მხარდაჭერის წინაპირობაა [კონფლიქტის] ინკლუზიური გადაწყვეტა და ყველა ავღანელის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა, მათ შორის ქალების, ახალგაზრდებისა და უმცირესობების". – თქვა ბორელმა.

ევროკავშირი თალიბანისა და ავღანეთის მთავრობას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებდა. განცხადება ევროკავშირმა მაშინ გაავრცელა, როცა ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქი ჰერათი თალიბანმა აიღო, რამდენიმე დღის შემდეგ თალიბანმა ქაბული აიღო.

15 აგვისტოს თალიბანი ქაბულში შეიჭრა, რის შემდეგაც ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. თალიბებმა უკვე აიღეს პრეზიდენტის სასახლე. აშრაფ ღანის ხელისუფლებიდან ჩამოგდება თალიბანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დროებით მთავრობას ძალაუფლებას მშვიდობიანად გადასცემენ. CNN-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დროებით მთავრობაში თალიბანისა და პრეზიდენტ აშრაფ ღანის ადმინისტრაციის წევრები შევლენ. 


მას შემდეგ რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს, ქვეყანაში გამწვავდა დაძაბულობა თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადაზე გაცილებით ადრე სრულდება. 

კომენტარები