ელენე ხოშტარია

ხოშტარია: ეპიდემიის დროს მთავრობამ კონცერტების ჩასატარებლად 700 000 ლარი გამოყო

მოძრაობა დროას დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ხელისუფლებამ პანდემიის პირობებში კონცერტების ჩასატარებლად 700 000 ლარი გამოყო. 

მისივე ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 21 ივლისს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა რეგიონებში უნდა ჩატარდეს 18 ხალხმრავალი ღონისძიება. 

"სამწუხაროდ, საქართველო მსოფლიოშიც კი გამორჩეულია უმძიმესი ვითარებით კოვიდის თვალსაზრისით. დაგვიანებული ვაქცინაციის გამო ჩვენ, სამწუხაროდ, დღეში ათობით ადამიანს ვკარგავთ და გვაქვს ათასობით შემთხვევა. ვისმენთ მიმართვებს ჯანდაცვის მინისტრისგან, ეპიდემიოლოგებისგან, რომ ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ თავშეყრისგან, ღონისძიებებისგან, რაც, ბუნებრივია, ამ ყველაფრის პარალელურად კი, მეორე ხელით, სახელმწიფო პრაქტიკულად ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას. მინდა გაგაცნოთ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის 21 ივლისის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, 700 000 ლარი უნდა დაიხარჯოს კონცერტებზე სხვადასხვა რეგიონში.

უკვე ჩატარებულია ხალხმრავალი ღონისძიებები, ყველანაირი წესების დაცვის გარეშე, ხაშურში, საჩხერეში, ბოლნისში, ჩხოროწყუში, ცაგერში, ლეჩხუმში და, ასევე, ცალკე ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ერთჯერადად დახარჯა 19 000 ლარი კონცერტზე, სადაც იყო უამრავი ხალხი. მთლიანობაში, ამ 700 000 ლარის ფარგლებში დაგეგმილია 18 ხალხმრავალი ღონისძიება". - ამბობს ხოშტარია. 

ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება წინასაარჩევნო მიზნებით, ხალხმრავალ ღონისძიებებს ატარებს, პარალელურად კი ეპიდემიის გავრცელებას აქციებს აბრალებს. 

"ხელისუფლება არ ერიდება პოლიტიკურ, პარტიულ სპეკულაციას და ხშირად აქციებს აბრალებს ეპიდემიის გავრცელებას. მოუწოდებენ და ამუნათებენ ადამიანებს წესების არდაცვის გამო და, პარალელურად, პირდაპირ კრებენ ხალხს, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო მიზნებით და რეალურად უდიდეს საფრთხეს უქმნიან ჩვენს მოქალაქეებს". - ამბობს ხოშტარია. 

კომენტარები