რუსეთი

პუტინმა ღია ცის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლას ხელი მოაწერა

Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც რუსეთი დატოვებს ღია სივრცის შეთანხმებას.

ღია ცის შეთანხმება 1992 წლის საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელსაც ხელს 33 სახელმწიფო აწერს. რუსეთმა შეთანხმების რატიფიცირება 2001 წელს მოახდინა. შეთანხმების ფარგლებში ნებადართულია ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიის საჰაერო სივრცეში შეთანხმებული სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება. შეთანხმების მიზანი შეიარაღების შეზღუდვაზე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ურთიერთკონტროლია.

რუსეთი იმედს იტოვებდა, რომ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჟენევის სამიტზე შეძლებდნენ შეთანხმების განხილვას, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მაისში გააკეთა განცხადება, რომ არ აპირებდა შეთანხმებაში კვლავ დაბრუნებას, მას შემდეგ, რაც აშშ-ის წინა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის გასული წლის მაისში დატოვა.

კრემლის განცხადებით, აშშ-ის გადაწყვეტილებამ შეთანხმების დატოვებაზე შეთანხმების წევრ ქვეყნებს შორის ინტერესთა ბალანსი მნიშვნელოვნად დაარღვია და აიძულა რუსეთს, დაეტოვებინა შეთანხმება.

"ამან სერიოზული ზიანი მიაყენა შეთანხმების მნიშვნელობას გამჭვირვალობის გაზრდის პროცესში და  საფრთხეს უქმნის რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას". – წერია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დონალდ ტრამპის ინიციატივით აშშ-მ ღია ცის შეთანხმება 2020 წელს დატოვა. პრეზიდენტობის კანდიდატობის პერიოდში ბაიდენი ტრამპის გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა. ღია ცის შეთანხმებაში არდაბრუნებით, ორ ქვეყანას შორის შეიარაღების კონტროლის მხოლოდ ერთი შეთანხმება იქნება გაფორმებული, START-ი, რომელიც ბირთვული შეიარაღების კონტროლს ემსახურება. ახალი START-ის შეთანხმების გაფორმება და მისი 5 წლით გახანგრძლივება ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში მოხდა. რაც შეეხება ღია ცის შეთანხმებას, ბაიდენის ადმინისტრაციამ მისი განხილვა დაიწყო. განხილვის შემდეგ კი მიიღეს გადაწყვეტილება, აშშ შეთანხმებაში არ დაბრუნებულიყო.
 

რუსეთის დუმამ შეთანხმებიდან გასვლას ერთხმად დაუჭირა მხარი. მას შემდეგ, რაც პუტინი ორივე პალატის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს ხელს მოაწერა, დაახლოებით 6 თვეში რუსეთი მთლიანად დატოვებს შეთანხმებას. მანამდე რუსული მხარე ამბობდა, რომ გადაწყვეტილების შეცვლას განიხილავდა, თუ აშშ იმავეს გააკეთებდა.

რუსეთის ხელისუფლებამ შეთანხმების დატოვებისთვის მზადება 2021 წლის დასაწყისში დაიწყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, რუსეთმა შეთანხმებიდან გასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-მ "მოგონილი საბაბით" შეთანხმება 2020 წლის ნოემბერში დატოვა.

2020 აშშ-მ ღია ცის შეთანხმების დატოვება რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევით ახსნა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოსკოვის, კალინინგრადის, ჩეჩნეთის, ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საზღვრებთან სადამკვირვებლო ფრენების აკრძალვაში ადანაშაულებდა. მოსკოვში ამას უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ვაშინგტონი თავად არ ასრულებს შეთანხმების პირობებს.

კომენტარები