ტერორიზმი

უცხოური მედია: ტერორისტული დაჯგუფება ბოკო ჰარამის ლიდერი მკვდარია

აბუბაქარ შეკაუ

The Economist-ის ცნობით, აფრიკაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია ბოკო ჰარამის ლიდერი აბუბაქარ შეკაუ მკვდარია. ამის შესახებ ცნობებს ნიგერიის მედია ავრცელებს, მაგრამ მთავრობას ცნობა ჯერ არ დაუდასტურებია. 

აქამდე 2009-2016 წლებში შეკაუს სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ხუთჯერ გავრცელდა, მაგრამ ხუთივეჯერ გაირკვა, რომ ის ცოცხალი იყო. მსგავსი ინფორმაციების გავრცელების შემდეგ შეკაუ მთავრობას, რომელიც მის მოკვლას ცდილობდა, ვიდეოჩანაწერებს უგზავნიდა და ემუქრებოდა. 

ბოლო ინფორმაციით, შეკაუს მკვლელობა არა სამთავრობო ძალებმა, არამედ სხვა ტერორისტულმა დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკის პროვინციის (ISWAP) წევრებმა სცადეს.

ნიგერიული მედიის ცნობებით, 21 მაისს ISWAP-ის წევრებმა შეკაუ ალყაში მოაქციეს, რის შემდეგაც ბოკო ჰარამის ლიდერმა თავი აიფეთქა. 

ბოკო ჰარამის ამბოხებები ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაიწყო და შემდეგ მათი თავდასხმები ნიგერში, ჩადსა და კამერუნშიც გაგრძელდა. ბოკო ჰარამი ცნობილი იყო საკუთარი დაუნდობელი მკვლელობებითა და ბავშვების გატაცებებით. დაჯგუფებამ 2014 წელს 276 სკოლის მოსწავლე გოგო გაიტაცა. დაჯგუფება ხშირად იყენებდა ბავშვებსა და ქალებს თვითმკვლელ ტერორისტებად. 2015 წელს შეკაუს ბოკო ჰარამმა ერთგულება გამოუცხადა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს (ISIS), მაგრამ ეს უკანასკნელი უკმაყოფილო იყო შეკაუს მეთოდებით და თვლიდა, რომ მისი ქმედებები ხელს უშლიდა დაჯგუფებას. თავდაპირველად ISIS-მა აბუბაქარ შეკაუს ჩანაცვლება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ, 2016 წელს ბოკო ჰარამს გამოეყო ისლამური სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკის პროვინცია (ISWAP) და ცალკე დაჯგუფებად ჩამოყალიბდა. ორი ტერორისტული ორგანიზაცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. 

კომენტარები