გაზის ტარიფი

ნარმანია: გაზის გაძვირება ვალუტის კურსის ცვლილებითაა გამოწვეული

დავით ნარმანია
საქართველოს მთავრობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტარიფის ზრდა ვალუტის კურსის ცვლილებითაა გამოწვეული.

"ტრადიციულად, როდესაც მარეგულირებელი კომისია ადგენს ტარიფს, ის უყურებს სხვადასხვა კომპონენტებს და აქედან გამომდინარე ანგარიშდება ახალი სამომხმარებლო ტარიფი, თუმცა გადახედვა, რომელიც ახლა მოხდა, მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტის, ვალუტის კურსის ცვლილებით იყო გამოწვეული.

მოგვმართა ჩვენ თბილისი ენერჯიმ, რომ ვალუტის კურსის მნიშვნელოვანი რყევებიდან გამომდინარე, გადაგვეთვალა მათი ტარიფი, ვინაიდან მათ გაზის მიწოდება მომხმარებლებზე უფრო ძვირი უჯდებოდათ, ვიდრე ჩვენ მიერ ადრე დადგენილი ტარიფია, შესაბამისად, მათ დაუგროვდათ 20 მილიონ ლარზე მეტი ზარალი 2020-21 წლის 5 თვის განმავლობაში და კომპანია გახდა ვალაუვალი, ის გაზის მიწოდების საფასურს ვერ იხდიდა", - თქვა ნარმანიამ.

ნარმანიას თქმით, ტარიფი, შესაძლოა, ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად კიდევ გადაიხედოს.

"ჩვენ ბუნებრივი აირის ტარიფი დავადგინეთ 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის იანვრიდან შევიდა ის ძალაში, 3-წლიანი ტარიფი იქნა დადგენილი 2020, 2021 და 2022 წლებისთვის. ამ სამი წლის განმავლობაში ტარიფი იქნებოდა უცვლელი, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში სტაბილური რომ ყოფილიყო. 2.97-ზე იყო დაანგარიშებული, როდესაც დავადგინეთ ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი", - თქვა სემეკის თავმჯდომარემ.

დღეს, 27 მაისს, სემეკმა თბილისი ენერჯის განცხადების საფუძველზე გაზის ტარიფის 7.8 თეთრით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც განცხადებაში წერია, კომპანიამ წელიწად-ნახევარში 25 მილიონზე მეტი იზარალა, რადგან ვალუტის კურსის გამო, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს, ხოლო სემეკის დადგენილებით, 26 თეთრად ყიდის. 

აქამდე თბილისის მოსახლეობისთვის ერთი კუბური მეტრი გაზის ტარიფი 46.1 თეთრი იყო, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფი 54 თეთრამდე იქნება.

კომენტარები