მსოფლიო ბანკის დახმარება

მსოფლიო ბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად €85 მილიონიანი პროგრამა დაამტკიცა

Reuters

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოში, რომლებზეც გავლენა მოახდინა COVID-19-ის პანდემიამ, 85 მილიონი ევროს ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორთა საბჭოს მიერ არის დამტკიცებული. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების  (MSMEs) ახალი დახმარების და აღდგენის პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესს და შექმნას სამუშაო ადგილები.

"ამ უახლესი დახმარების პაკეტის საშუალებით, მსოფლიო ბანკი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ფირმების განვითარებას, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის საყრდენს და ძირითად ელემენტს წარმოადგენენ მდგრადი აღდგენის მიმართულებით“. – ამბობს სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში. 

მისივე თქმით, პაკეტი მოიცავს ფირმების დახმარებას დაფინანსებასთან წვდომის გამარტივებაში და საფინანსო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებაში,"რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების დანერგვას და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენებას".

"პროექტი მხარს დაუჭერს მინიმუმ 6 000 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს ქვეყნის მასშტაბით და გაზრდის ბიზნესის გადარჩენის შანსებს, შეინარჩუნებს პროდუქტიულ აქტივებს და ფირმებს დაეხმარება ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ახალ გამოწვევებთან ადაპტირებაში". – წერია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მათი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მიკრო და საშუალო საწარმოებისთვის. 

"გლობალურმა პანდემიამ სერიოზულად იმოქმედა კერძო სექტორზე, განსაკუთრებით მიკრო და საშუალო საწარმოებზე საქართველოში, ამიტომ მათი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ახალი საწარმოების შექმნის წახალისება, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, დააჩქაროს ეკონომიკური ზრდა. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს პანდემიასთან ბრძოლის, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერისთვის". – ამბობს მინისტრი.

პროექტის მიზანია ფირმების წინაშე არსებული ფინანსური შეზღუდვების შემსუბუქება და მათი დახმარება საქმიანობის პოსტ - COVID-19-ის სცენართან ადაპტაციაში. პროექტის ერთი კომპონენტი გააძლიერებს და გააფართოებს აწარმოე საქართველოში  სააგენტოს მიერ განხორციელებულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამებს. მიკრო და მცირე ფირმების პირდაპირი დახმარება აწარმოე საქართველოშის მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით შეთავაზებული გრანტებით გამოიხატება.

მცირე და საშუალო საწარმოები შეძლებენ, აწარმოე საქართველოშის პროგრამის თანახმად, პროცენტების გადასახადის თანადაფინანსებას, რაც შეამცირებს მათი სესხის აღების ხარჯებს და დაუყოვნებლივ აკონტროლებს ლიკვიდურობის შეზღუდვებს. მცირე და საშუალო ბიზნესი ასევე ისარგებლებს ნაწილობრივი საკრედიტო გარანტიებით ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს მაღალი მოთხოვნების უზრუნველყოფას და ფინანსური ინსტიტუტების რისკების თავიდან აცილებას.

"მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რადგან ეს არის კერძო სექტორის ზრდის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სამეწარმეო კულტურის განმტკიცების წინაპირობა. ამ თვალსაზრისით, ფასდაუდებელია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა და 85 მილიონი ევროს გამოყოფა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების დასახმარებლად პოსტ პანდემიის პერიოდში". – ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა. 

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის განმტკიცებას და ციფრული ფინანსური მომსახურების გამოყენების გაზრდას. ეს მოიცავს გადახდის სისტემების ინფრასტრუქტურის განახლებას, დაუყოვნებლივი გადახდის სისტემის (IPS) დანერგვით, " "იცნობდეთ თქვენს მომხმარებელს" (KYC) პროგრამის დანერგვით და დაცული ტრანზაქციების ჩარჩოს განმტკიცებით, რაც მიზნად ისახავს ფინანსებზე წვდომის გაფართოებას, მოძრავი გირაოს გამოყენებას, როგორიცაა ტრანსპორტი, ტექნიკა და ინტელექტუალური საკუთრება.

"მსოფლიო ბანკის პროექტის თანახმად, გადახდის მყისიერი სისტემა ხელს შეუწყობს,  გადამხდელებისთვის, მათ შორის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, თანხების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობას, ფულადი სახსრების უკეთეს მენეჯმენტს და ფულადი რესურსების უკეთეს განკარგვას, რაც საწარმოებს ყოველდღიური ლიკვიდობის მართვაში დაეხმარება. გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და Fintech კომპანიები შეძლებენ გადახდების ინიცირების სხვადასხვა არხების დანერგვას და საბოლოო მომხმარებლებისთვის მათ ხარჯთეფექტიან შეთავაზებას". – ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

რადგან პანდემიის გავლენა განსაკუთრებით შეეხო ფირმებს, პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ფირმების ტექნიკური დახმარების შექმნას და უზრუნველყოფს ახალ რეალობასთან ადაპტირებას, შესაბამისი მმართველობითი, ციფრული და სხვა COVID -საწინააღმდეგო პრაქტიკის დანერგვით. ყურადღება გამახვილდება ძირითადი უნარების იდენტიფიცირებაზე, რაც საჭიროა ეკონომიკის მთავარ სექტორებში ციფრული განვითარებისა და COVID -19-ის მიმართ მდგრადობის ამაღლების ღონისძიებების ხელშესაწყობად ეკონომიკის ძირითად დარგებში, განსაკუთრებული აქცენტით ქალი მეწარმეების საჭიროებებზე, კლიმატის ცვლილებაზე და მწვანე ეკონომიკაზე.

ეს პროექტი ქართველი ხალხის დასახმარებლად მსოფლიო ბანკის ფართო მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია და მესამე საკრედიტო ოპერაციაა, რომელიც მიმართულია პანდემიის სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების შერბილებისკენ.

კომენტარები