ნიკა მელიას საქმე

საია: მელიას საქმე უნდა განიხილოს სამართლიანმა სასამართლომ, რომელიც არ გვყავს

"თანხა არის უკვე გადახდილი. დაახლოებით 1 საათის წინ ჩვენ გადავრიცხეთ თანხა ბიუჯეტში, ეს მოქმედებები შეთანხმებული იყო ევროკავშირთან და, შესაბამისად, მათთან შეთანხმებით ვმოქმედებთ ყველაფერში", - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა პრესკონფერენციაზე განმარტა, რა როლი შეასრულა ორგანიზაციამ ნიკა მელიას გირაოს თანხის დაფარვაში, რომელიც ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო.

მისივე თქმით, ევროკავშირის თხოვნა იყო, რომ თანხა ისეთი ორგანიზაციის გავლით მისულიყო ბიუჯეტამდე, რომლის დამოუკიდებლობაზეც კითხვის ნიშნები არ არსებობს.

"მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რატომ დავთანხმდით, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობა მიგვეღო. დავთანხმდით იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისის წინაშე და მნიშვნელოვან პოლიტიკურ კრიზისში ვართ. ეს კრიზისი დაიწყო დიდი ხანია, განსაკუთრებით გაღრმავდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და სიტუაციის ესკალაცია გამოიწვია ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებამ. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტის შემდეგ ჩვენ დავდექით ისეთი მოცემულობის წინაშე, რომ საჭირო გახდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა ამ პროცესში და მათი მონაწილეობით სიტუაციის განმუხტვა. და მაშინ, როდესაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო, რომ მედიატორს ჩვენ დავხმარებოდით ამ შეთანხმების სრულად და კარგად იმპლემენტაციაში", - თქვა სიმონიშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ფაქტით საია არ მიუთითებს ნიკა მელიას უდანაშაულობასა ან დამნაშავეობაზე, არამედ თვლის, რომ ენმ-ს თავმჯდომარის საქმე სამართლიანმა სასამართლომ უნდა განიხილოს, რაც, სიმონიშვილის თქმით, დღეს საქართველოში არ არსებობს.

"ჩვენ ერთგულები ვრჩებით ჩვენი შეფასების, რომ თავის დროზე ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით არ იყო დასაბუთებული, პარლამენტის გადაწყვეტილებაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით არ იყო სრულად გააზრებული და მიზანშეწონილი და, შესაბამისად, ამ ყველაფერმა გამოიწვია სიტუაციის ესკალაცია.

ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ამ ფაქტით არც ნიკა მელიას უდანაშაულობაზე ან დანაშაულზე  ვუსვამთ ხაზს. ჩვენ ვთვლით, რომ ნიკა მელიას საქმე უნდა განიხილოს სამართლიანმა სასამართლომ, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არ გვყავს და, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ და ვფიქრობთ, რომ ამის მიღება შესაძლებელია იმ დოკუმენტის ფარგლებში, რომელსაც ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა პარტიებმა ევროკავშირის და აშშ-ს ჩართულობით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯი იყოს ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისკენ მიმართული, ოპოზიციამ შეძლოს და დაიწყოს პროცესებში მონაწილეობა, რომლითაც ჩვენ შევძლებთ დამოუკიდებელი სასამართლოს, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიღებას და პოლიტიკური კრიზისის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებას", - თქვა მან.

საუბრისას ნიკა სიმონიშვილი ამნისტიის კანონსაც შეეხო და თქვა, რომ მნიშვნელოვანი იქნება, პოლიტიკურმა პარტიებმა მეტი სერიოზულობით შეხედონ კანონის მიღებას და მისი გავრცელების საკითხს იმ დანაშაულებების მიმართებით, რომლებიც კონვენციას არღვევს და ჩადენილია სამართალდამცველების მიერ.

"ჩვენ ერთგულები ვრჩებით შეფასების და პარლამენტთან ამ საკითხზე ვიმუშავებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია, ის დანაშაულებები იყოს ამნისტირებული, რომლებიც კონვენციის დარღვევას წარმოადგენს და რომლებმაც ჩვენი ბენეფიციარების უფლებები დაარღვია", - თქვა მან.

დღეს, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. მათივე ცნობით,  გირაოსთვის თანხა გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის, ხოლო ხელისუფლებას 40 000 ლარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.


ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება. 

პარლამენტში ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას).

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები