უკრაინა-რუსეთი

YOUTUBE-მა კრემლთან დაკავშირებული სამი უკრაინული საინფორმაციო არხი დაბლოკა

ვიქტორ მედვედჩუკი და ვლადიმირ პუტინი
Reuters

YouTube-მა სამი უკრაინული არხი, Zik-ი, 112 უკრაინა და NewsOne-ი დაბლოკა. არხების დაბლოკვის თხოვნით YouTube-ს უკრაინის მთავრობამ მიმართა. უკრაინის მთავრობის თანახმად, ეს არხები ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ვიქტორ მედვედჩუკთან არის დაკავშირებული.

"სასიამოვნოა, რომ ასეთი გავლენიანი ამერიკული კომპანია მზადაა თანამშრომლობისთვის, როცა საქმე ეხება უკრაინის ეროვნულ უშიშროებასა და რუსეთის დეზინფორმაციას". - განაცხადა უკრაინის საელჩომ ვაშინგტონში.

უკრაინის კულტურის მინისტრმა, ოლექსანდრ ტკაჩენკომ YouTube-ს მადლობა გადაუხადა და საინფორმაციო არხებს "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის პროპაგანდის ომის ნაწილი" უწოდა.

თებერვალში უკრაინის მთავრობამ ამ არხებს მაუწყებლობა შეუჩერა და ისინი რუსული პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა.

ამ არხების ოფიციალური მფლობელი ტარას კოზაკია, დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან სიცოცხლისთვის. ამ პარტიის თანათავმჯდომარე ვიქტორ მედვედჩუკია. მედვედჩუკი ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და მედია მაგნატია. ის პუტინის შვილის ნათლიაა. უკრაინამ სანქციები დაუწესა მედვედჩუკს, მის ცოლს, ოქსანა მარჩენკოს, ექვს პირს, რომელთა შორისაც რუსეთის მოქალაქეების არიან და 19 კომპანიას, რომლებიც მედვედჩუკთანაა დაკავშირებული.

კრემლი ამბობს, რომ კონტაქტები მედვედჩუკთან წარმოადგენს რუსეთის მცდელობებს, შეინარჩუნოს კავშირი "რუსულ სამყაროსთან".

მედვედჩუკსა და კოზაკს YouTube-ის მიერ არხების დაბლოკვასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა, მანამდე ამბობდნენ, რომ არხებისთვის მაუწყებლობის შეჩერება უკანონოა. რამდენიმე თვის წინ მედვედჩუკმა Reuter-სთან აღნიშნა, რომ არხების მაუწყებლობის შეჩერება ზელენკსის პოლიტიკის კრიტიკის გაჩუმებას ემსახურება.


აღსანიშნავია, რომ მარტის ბოლოდან აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგი იყო. უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ძალების მობილიზაცია დაიწყო.

23 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ანექსირებულ ყირიმში გადაყვანილი დამატებითი ძალების გაყვანა და მათი საკუთარ მუდმივ ბაზებზე დაბრუნება დაიწყო. მანამდე, 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ უკრაინის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დასრულდა და ჯარებს უბრძანა, რომ 1-ელ მაისამდე თავიანთ მუდმივ სამყოფელს დაუბრუნდნენ.

რუსეთის ამ ქმედებას უკრაინის მხარეც გამოეხმაურა.

"თუკი რუსეთი უკრაინის საზღვრებიდან მართლა გაიყვანს უამრავ სამხედროს, რომლებიც იქ განალაგა, ეს უკვე შეამსუბუქებს დაძაბულობას". - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. 

"მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ნაბიჯი არც ახლანდელ ესკალაციას დაასრულებს და არც უკრაინა-რუსეთის კონფლიქტს" - დაამატა კულებამ.

აშშ-ს თქმით, ისინი რუსეთის ჯარის გაყვანის პროცესს ახლოდან აკვირდებიან.

კომენტარები