ვაქცინაცია

გამყრელიძე: ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა ორ ენაზე

"კორონავირუსზე აცრილ ყველა ადამიანს მიეცემა ცნობა ორ ენაზე". - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. 

მისი თქმით, აცრილ ადამიანთა რაოდენობა ყოველდღიურად გამოქვეყნდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პორტალზე.

"ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა, რომ ის აიცრა ამა და ამ ვაქცინით, ამა და ამ დღეს. ეს არის ორენოვანი ცნობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება მას მოაწერს ხელს და დაარტყამს ბეჭედს. ამცრელი ბრიგადები დაკომპლექტებული იქნება სამი ადამიანისგან – ამცრელი, ექიმი, ვინც სპეციალური კითხვარით ეკითხება ასაცრელ პიროვნებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მესამე, რეგისტრატორი, რომელსაც იმუნიზაციის ელექტრონულ სისტემაში შეჰყავს მონაცემები.".- ამბობს გამყრელიძე. 


შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ასტრაზენეკას პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის ასტრაზენეკას 129 600 დოზა, ხოლო ფაიზერის 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.

ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირებულის სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.

კომენტარები