ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნის ადვოკატებმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიმართეს

ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნის ადვოკატებმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს "ივ როშეს" საქმეზე რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო მიმართეს. ამის შესახებ რუსულ მედიას ნავალნის ადვოკატი, ოლგა მიხაილოვა ესაუბრა.

მიხაილოვას თქმით,  მიმართვას მარტში განიხლავენ. მიმართვაში საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების "აბსოლუტურ უპატივცემულობაზე". 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს უფლება აქვს, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო საქმის გარჩევა წამოიწყოს. თეორიულად, ეს პროცესი შესაძლოა, სამართლის პრინციპების უხეში დარღვევისთვის ევროპის საბჭოდან რუსეთის გაძევებით დასრულდეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ მინისტრმა კომიტეტმა რუსეთთან დაკავშირებული საქმეების მხოლოდ მესამედში ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები დაკმაყოფილებულად, თუმცა რომელიმე საქმის გარჩევა კომიტეტს არ დაუწყია.


2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

2020 წლის ბოლოს, როდესაც ნავალნი გერმანიაში იყო და ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ნავალნი ინსპექციის კონტროლს თავს არიდებდა და შესაბამისად "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადის პირობებს არღვევდა. სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალურ პატიმრობად შეცვლა მოითხოვა.

2021 წლის 17 იანვარს ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას თავდაპირველად 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

2 თებერვალს კი პოლიტიკოსს 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

კომენტარები