2008 წლის აგვისტოს ომი

რუსეთი: ევროპულმა სასამართლომ ბრალდებები რუსეთის მიმართ უსაფუძვლოდ მიიჩნია

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ევროპულმა სასამართლომ ქართული მხარის მიერ 2008 წელს შეტანილი სარჩელზე გადაწყვეტილების გამოსატანად 12 წელი დასჭირდა. 

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ "ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ბრალდებები რუსეთის მიმართ 8-12 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიიჩნია."

ამავე განცხადებაში რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ 12 წლიანი განხილვის შემდეგ, ევროპული სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ "რუსეთს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა კონვენციით, იმ ინციდენტებზე და ძირითადი თავისუფლებების დარღვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ რუსეთის არმიის მიერ ქართული ჯარის თავდასხმისას რუსეთის სამშვიდობო ძალებზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე 8-12 აგვისტოს პერიოდში."

გარდა ამისა უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ "ევროპულმა სასამართლომ არ დაუჭირა მხარი ქართული მხარის მტკიცებას იმის შესახებ, რომ რუსეთის ჯარი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 7 აგვისტოს, ცხინვალზე თავდასხმამდე შეიჭრა."

"ქართული მხარე ამ საქმეში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია მოქმედებს არამხოლოდ მშვიდობის დროს, არამედ საომარი მოქმედებების პირობებშიც, რაც ფაქტიურად არღვევს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ჩვენ შევძელით დაგვერწმუნებინა ევროპელი მოსამართლეები, რომ რუსეთის არმიის მოქმედებების სამართლებრივი შეფასება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 8-12 აგვისტოს პერიოდში, მათ იურისდიქციას არ ექვემდებარება. ამასთანავე ევროპულ სასამართლოს არ დაუდგენია მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებათა დარღვევის არცერთი ფაქტი რუსი სამხედროების მხრიდან 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს",-  განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალპერინმა.

ამავდროულად, რუსეთის იუსტიციის სამინისტრო არ ეთანხმება ევროპული სასამართლოს ცალკეულ შეფასებებს, იმ ეპიზოდებში, რომელშიც საქმე ეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარ ინციდენტებს 12 აგვისტოს შემდეგ და რომლებზეც სასამართლომ პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. რუსეთის იუსტიციის სამინისტრო მიიჩნევს, რომ რუსული მხარის ბრალეულობის მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი. 

განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება მათ მიერ ე.წ. ექსტერიტორიალური იურისდიქციის კონცეფციის გამოყენების შედეგია, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება გაეროს საერთაშორისო სასამართლოს  და ზოგადად საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო. 

სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში. 

რა დაადგინა სასამართლომ?

  • სასამართლომ 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქისა და ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზე არსებობდა რუსეთის სახელმწიფოს იურისდიქცია კონვენციის გაგებით და, შესაბამისად, რუსეთს ეკისრება საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა რუსეთისა და მის კონტროლს ქვეშ მყოფი ძალების მხრიდან ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლს (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლს (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა), მე-8 მუხლს (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს - საკუთრების უფლება. 
  • დიდმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ძალებმა ცხინვალში დაახლოებით 10 და 27 აგვისტოს შორის დააკავეს, ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ, კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის. 
  • სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არსებობდა ადმინისტრაციული მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგო ადმინისტრაციული პრაქტიკა, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავების პირობებთან მიმართებით. მათ მიმართ განხორციელდა დამამცირებელი მოქმედებები, რომლებმაც გამოიწვია მათი ტანჯვა და, შესაბამისად, სასამართლომ ეს ქმედებები მიიჩნია არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად.
  • სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირების თვითნებური დაკავება ქმნიდა კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) საწინააღმდეგო ადმინისტრაციულ პრაქტიკას.
  • სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა, რომ ცხინვალში 2008 წლის 8-17 აგვისტოს შუალედში სამხრეთ ოსური დაჯგუფებების მიერ ქართველი სამხედრო ტყვეების დაკავება ექცევა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ კონვენციის მიზნებისთვის.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ განხორციელდა წამება და ისინი იყვნენ წამების მსხვერპლნი. შესაბამისად, რუსეთი ქმნიდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგოდ.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ხელი შეუშალეს, დაბრუნებულიყვნენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მოექცნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ შექმნა ადმინისტრაციული პრაქტიკა კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლება) საწინააღმდეგოდ, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს აღარ შეეძლოთ საკუთარ სახლებში დაბრუნება.

კომენტარები