2008 წლის აგვისტოს ომი

აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგმა რუსეთს საქართველოსთვის €130 მილიონამდე გადახდა დააკისრა

რუსული სამხედრო კოლონა სამხრეთ ოსეთში. აგვისტო 2008
Reuters

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა, რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა და შესაბამისი კონპენსაციები დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროპული კონვენციის 58-ე მუხლის (დენონსაცია) იურისდიქციას ექვემდებარება, აღსრულებულიყო გამსაჩივრებელი ქვეყნის, ანუ საქართველოს მოთხოვნა 41-ე მუხლზე, ანუ სამართლიან დაკმაყოფილებაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოს წევრი აღარაა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი (სამართლიანი დაკმაყოფილება) მისაღებია მოცემულ საქმეში ოკუპირებული ცხინვალის ქართულ სოფლებსა და "ბუფერულ ზონაში" მშვიდობიანი მოსახლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიმართ. 

დანაშაულები მოიცავს სეპარატისტული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, მათი სახლების დაწვასა და გაძარცვას, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ომის ტყვეთა წამებას, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე წინააღმდეგობას. ხაზგასმულია, რომ რუსეთი არ ასრულებდა პროცედურულ ვალდებულებას, ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება იმ დანაშაულებზე, რომლებიც აქტიური კონფლიქტის დროს, ან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ხდებოდა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის გადასახდელად ჯამში 129 827 500 ევრო დააკისრა.

კომპენსაცია სხვადასხვა დარღვევაზე განაწილდა:

  • სტრასბურგის გადაწყვეტილებით რუსეთს დაეკისრა მომდევნო სამ თვეში საქართველოსთვის 3 250 000 მილიონი ევროს გადახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფლებსა და "ბუფერულ ზონაში" მოქალაქეების დახოცვის ადმინისტრაციული პრაქტიკისა და მკვლელობების ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიების პროცედურული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამ ყველაფრის მსხვერპლი, სულ მცირე, 50 ადამიანი იყო.
  • რუსეთს დაეკისრა 2 697 500 ევროს მომდევნო სამ თვეში გადახდა, სულ მცირე 166 დაზარალებულისთვის მიყენებული არამატერიალური ზიანის გამო, რაც მოიცავდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, უკანონო დაკავებებს, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფებში ხდებოდა, 2008 წლის 10-27 აგვისტოს შუალედში.
  • რუსეთს დაეკისრა საქართველოსთვის მომდევნო სამ თვეში 640 000 ევროს გადახდა სულ მცირე 16 დაზარალებულის გამო, რომლებსაც ზიანი მიადგათ ცხინვალის სეპარატისტული ძალების მიერ ქართველი ომის ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგად, 2008 წლის 8-17 აგვისტოს შუალედში. 
  • რუსეთს დაეკისრა საქართველოსთვის მომდევნო სამ თვეში 115 000 000 ევროს გადახდა სულ მცირე 23 000 დაზარალებულისთვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნებაში ხელის შეშლის გამო.
  • რუსეთს დაეკისრა საქართველოსთვის მომდევნო სამ თვეში 8 240 000 ევროს გადახდა იმ ზარალის გამო, რაც მიადგა სულ მცირე 412 ადამიანს, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ ომის აქტიური ფაზის პერიოდის სიკვდილის შემთხვევების ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიების პროცედურული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად.

კომენტარები