საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციომ მხოლოდ ოპერატიული მტკიცებულებებით გამტყუნება არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების შეფასებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ ჩხრეკის ჩატარების მომენტისთვის არსებული ვითარება და ჩხრეკის შედეგს არ უნდა მიენიჭოს მნიშვნელობა.

"აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ წარედგინა, რაც 2017 წლის 9 ივნისს სამართალდამცავებმა ჰიპ-ჰოპ პროექტ Birja Mafia-ს წევრები, Young Mic და Kay-G დააკავეს ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვის ბრალდებით. რეპერების დაკავებას მაშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა და მოგვიანებით, საქმეზე არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობის გამო, პროკურატურამ ორივე დაკავებულის მიმართ შეწყვიტა საქმის წარმოება.

აღნიშნულმა საქმემ ნათლად გამოაჩინა როგორც მკაცრი ნარკოპოლიტიკის პრობლემურობა, აგრეთვე ე.წ. ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში პოლიციის თვითნებობის და მათი მხრიდან ნარკოტიკის "ჩადების" საფრთხეები. აღსანიშნავია, რომ ამგვარი საქმეები, სადაც პოლიციის თვითნებობაზე და ნივთმტკიცების "ჩადებაზე" მიუთითებს ბრალდებული, იშვიათობას არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომ არის სასამართლოს 25 დეკემბრის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მომავალში მსგავსი პრაქტიკების თავიდან ასაცილებლად". – აღნიშნავენ EMC-ში.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ჩვეულებრივი მოწმისგან განსხვავებით, ოპერატიული წყაროს და ანონიმური პირის შემთხვევაში არ ხდება/ვერ ხერხდება სასამართლოს მიერ ინფორმაციის პირველწყაროს სანდოობის გადამოწმება. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ასეთი ინფორმაციის სათანადო გადამოწმების გარეშე ჩხრეკის საფუძვლად გამოყენების პირობებში, მაღალია ადამიანის პირადი სივრცისა და კომუნიკაციის უფლების არასაჭირო შეზღუდვის რისკი. ამდენად, იმისთვის, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს გაუჩნდეს მოლოდინი ჩხრეკის შედეგად მტკიცებულების მოპოვების შესახებ (რაც ჩხრეკის ჩატარების ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს), მნიშვნელოვანია, მოხდეს ამ ინფორმაციის სათანადოდ გადამოწმება.

საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ სისტემურად შეაფასა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესაბამისობა კონსტიტუციის იმ დებულებებთან, რომლებიც ადგენენ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას (კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი) და გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ მტკიცებულებით სტანდარტს (კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი). სასამართლომ დაადგინა, რომ:

  • აუცილებელია, უშუალოდ ჩხრეკის ჩატარების პროცესი და მოპოვებული მტკიცებულება, გამყარებული იყოს სხვა ნეიტრალური მტკიცებულებით, იქნება ეს ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ამ საგამოძიებო მოქმედებაზე ნეიტრალური დამსწრე პირის ჩვენება, ან სხვა ობიექტური მტკიცებულება. სხვა შემთხვევაში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულება არ უნდა დაიშვას სისხლის სამართლის საქმეზე;  
  • სასამართომ ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელის ჩვენება, რომელიც არსებითად ემყარება და იმეორებს ინფორმანტის/კონფიდენტის მიერ მისთვის მიწოდებულ ოპერატიულ ინფორმაციას, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სამართალდამცავის ამგვარი ჩვენება, თავისი შინაარსით, არის ირიბი მტკიცებულება, რომელიც ნაკლები სანდოობითა და უტყუარობის დაბალი ხარისხით ხასიათდება;
  • საკონსტიტუციო სასამართლომ ცალკე იმსჯელა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერებაზე და დაადგინა, რომ იმ შემთხვევაშიც, როცა ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ამოიღეს უკანონო ნივთი, თავისთავად ეს ფაქტი არ უნდა გახდეს სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩატარებული ჩხრეკის დაკანონების საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩხრეკის შედეგი არ არის რელევანტური იმის შესაფასებლად, თუ რამდენად დასაბუთებული იყო გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკა.

საკონსტიტუციო სასამართლომ თავისთავად არაკონსტიტუციურად არ ცნო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკის ჩატარება, მაგრამ განმარტა, რომ ასეთ ვითარებაში, სამართალდამცავებს ვალდებულება აქვთ, რაღაც ფორმით გადაამოწმონ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სანდოობა. ამავდროულად, უშუალოდ ოპერატიული ინფორმაციის მიღმა, უნდა არსებობდეს სხვა ფაქტი თუ ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს ჩხრეკის დასაბუთებულობაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 1-ელ ივლისამდე განუსაზღვრა საქართველოს პარლამენტს ვადა, რათა მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ჩხრეკის შედეგად მოპოვებული უკანონო ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნის დადასტურებას სხვა ნიეტრალური მტკიცებულებებით, გარდა ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელის ჩვენებისა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ის ნორმა (ნორმის ნორმატიული შინაარსი), რომელიც უშვებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას სამართალდამცავის იმ ჩვენებით, რომელიც ეფუძნება მხოლოდ ოპერატიულ წყაროს, ძალადაკარგულია 2020 წლის 25 დეკემბრიდან. ამავე თარიღიდან არის ძალადაკარგული ის ნორმა (ნორმის ნორმატიული შინაარსი), რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად.

კომენტარები