აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში სოციალური მედია დაბლოკეს, მთავრობა მიზეზად სომხურ პროვოკაციებს ასახელებს

Arun Sankar/Agence France-Presse — Getty Images

აზერბაიჯანის მთავრობამ სოციალური მედია და მოკლეტექსტური შეტყობინებების გასაგზავნი აპლიკაციები დაბლოკა. 27 სექტემბერს აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტრომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ინტერნეტზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდებოდა. ოფიციალური მიზეზი სომხეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი პროვოკაციების თავიდან არიდებაა. კონკრეტულად რა სერვისები შეეზღუდებოდათ აზერბაიჯანის მოსახლეობას, უწყებას არ დაუზუსტებია.

ინფორმაცია აზერბაიჯანში სოციალური მედიის შეზღუდვის შესახებ ორგანიზაცია Netblocks-მაც გაავრცელა. Netblock-ი მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას აკვირდება.

Netblock-ის ინფორაციით, დაიბლოკა Facebook-ი, Twitter-ი, Instagram-ი, LinkedIn-ი, TikTok-ი, Youtube-ი, საკონტაქტო აპლიკაციები WhatsApp-ი, Facebook Messenger-ი, Skype-ი და Zoom-ი

შეზღუდვები არაა სოცმედია საიტ ВКонтакте-ზე. საიტების უმეტესობა VPN სერვისი გამოყენებით ხელმისაწვდომია, თუმცა ქვეყანაში ამ სერვისს ბევრი არ იყენებს.

27 სექტემბერს, დილით მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბახის რეგიონში მდგომარეობის გამწვავების გამო სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის პრეზიდენტმა არაიკ არუტიუნიანმაც.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბაქოში, კომენდანტის საათი ამოქმედდა.

კომენტარები