სერგეი ლავროვი

ლავროვმა ბელარუსში მდგომარეობის ესკალაციაში 200 უკრაინელი ექსტრემისტი დაადანაშაულა

РИА Новости

მოსკოვში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში ოპოზიციის დემონსტრაციებზე "რადიკალური მოქმედებები" უკრაინაში გაწვრთნილი 200 "ექსტრემისტის" პროვოკაციის შედეგია.

"ჩვენი ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში, ვოლინსა და დნეპროპეტროვსკში ექსტრემისტული საწვრთნელი ბანაკებია და დღეს ჩვენ ეს განვიხილეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენმა სადაზვერვო სამსახურებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ამ საკითხს და ისინი [სადაზვერვო სამსახურები] ახლა თანამშრომლობენ. ჩვენი შეფასებით ახლა ბელარუსის რესპუბლიკაში უკრაინაში გაწვრთნილი დაახლოებით 200 ექსტრემისტია" - თქვა სერგეი ლავროვმა.

ლავროვის განცხადებით, რუსეთს აქვს სამხილები, რომ ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციები უკრაინის პარლამენტისა და ნაციონალისტური ორგანიზაციების მიერაა წაქეზებული. ლავროვის ჩამოთვლილ ნაციონალისტურ ორგანიზაციებში შედის "Національний корпус", "Тризуб", "С14", "Правий сектор" - რუსეთში ყველა აკრძალულია 

"ყველა ეს სტრუქტურა აქტიურადაა დაკავებული მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში რადიკალური ქმედებების პროვოცირებით, თანმხლები ღონისძიებების დაფინანსებით. [ისინი] აქეზებენ მათ, ვისაც თვლიან პერსპექტიულ ექსტრემისტ ლიდერებად, რომ მათ შეიტანონ ძალადობრივი ელემენტები ბელარუსის დედაქალაქში მიმდინარე დემონსტრაციებში." - განაცხადა ლავროვმა.

ბელარუსის ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა უცხოური ძალები ბელარუსში მიმდინარე მოვლების წაქეზებაში. საპროტესტო აქციები ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყო. მოსახლეობა აპროტესტებს არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი დააგროვა.

29 ივლისს ბელარუსში, მინსკთან ახლოს დააკავეს კრემლთან კავშირების მქონე კერძო რუსული სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლები. ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერდა, რომ ქვეყანაში შეაგზავნეს 200-მდე ბოევიკი საპრეზიდენტო არჩევნების წინ გარემოს დესტაბილიზაციისათვის.

ბელარუსის ოფიციალური პირების თქმით, დაკავებულთაგან 14 ნამყოფია დონბასის რეგიონში, სადაც დაქირავებული რუსი სამხედროები რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ერთად იბრძვიან. რუსეთის მთავრობა ვაგნერთან კავშირს უარყოფს, თუმცა ვაგნერი პუტინის მზარეულად ცნობილ, ევგენი პრიგოჟინს უკავშირდება. ვაგნერის მებრძოლები ამ დროისთვის რამდენიმე კონფლიქტურ ზონაში იმყოფებიან, მათ შორის სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

აგვისტოს ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ ივლისში ბელარუსში, მინსკის მახლობლად დაკავებული რუსეთის მოქალაქეები იქ უკრაინისა და აშშ-ს დაზვერვის აგენტების მიერ მომზადებული სპეციალური ოპერაციის ფარგლებში შეიტყუეს.

ინფორმაცია პირველად 6 აგვისტოს გაავრცელა რუსულმა ტაბლოიდმა კომსომოლსკაია პრავდამ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლების ბელარუსში აღმოჩენაზე პასუხისმგებლობა უკრაინის დაზვერვას ეკისრება.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისში ამ ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებენ.

კომენტარები