ლიტვა-ბელარუსი

ბალტიის გზის 31-ე წლისთავზე ლიტვა ბელარუსის საზღვრამდე თავისუფლების გზის ჯაჭვს შექმნის

ბალტიის გზის 31-ე წლისთავზე ლიტვა ბელარუსის საზღვრამდე, ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერად თავისუფლების გზის ჯაჭვს შექმნის. ამის შესახებ ინფორმაციას ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი ავრცელებს:

"31 წლის წინ ორმა მილიონმა ადამიანმა ხელები ჩაჰკიდეს ერთმანეთს და 600-კილომეტრიანი ბალტიის გზა შექმნეს, რომელიც ვილნიუსს, რიგას და ტალინს აკავშირებდა. დღეს ჩვენ შევქმნით 40-კილომეტრიან თავისუფლების გზას ვილნიუსიდან ლიტვა-ბელარუსის საზღვრამდე, რათა მხარი დავუჭიროთ ბელარუს დებს და ძმებს ჩაგვრის წინააღმდეგ ღირსებისკენ სწრაფვაში".

ლიტვის პარლამენტი ლუკაშენკოს ბელარუსის არალეგიტიმურ ლიდერად აცხადებს და ბელარუსს თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ლიტვა, ასევე, ბელარუსის მთავრობის პირებისთვის, ვინც არჩევნების გაყალბებაზე და ძალადობაზეა პასუხისმგებელი, სანქციების დაწესების მოწოდებით გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში თითქმის ორი კვირაა, გრძელდება საპროტესტო აქციები. აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

ბალტიის გზა მოლოტოვ რიბენტროპის პაქტის 50-ე წლისთავზე გაიმართა და მისი მიზანი მსოფლიო საზოგადოების ყურადღების იმ ისტორიული მოვლენისადმი მიპყრობა იყო, რომელმაც შეცვალა ბალტიის ქვეყნების ბედი. პაქტის საიდუმლო მუხლების მიხედვით, სსრკ-მ და გერმანიამ ევროპაში გავლენის სფეროები გაინაწილეს. ლიტვა და დასავლეთი პოლონეთი გერმანიის გავლენის სფეროში, ხოლო ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, აღმოსავლეთი პოლონეთი და ბესარაბია სსრკ-ის სფეროში მოექცა. აქციის ორგანიზატორები ესტონეთის სახალხო ფრონტი, ლატვიის სახალხო ფრონტი და საიუდისი ლიტვაში იყვნენ. ბალტიის გზამ მსოფლიო საზოგადოებას ბალტიისპირელი ხალხის სსრკ-დან გასვლის მისწრაფება დაანახა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას არანაირი რეალური ნაბიჯი  არ გადაუდგამს რესპუბლიკებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისათვის. დემონსტრაციიდან 6 თვის შემდეგ ლიტვამ სსრკ-დან გასვლის შესახებ პირველმა განაცხადა.

კომენტარები