არჩევნები 2020

ISFED: საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებისთვის FACEBOOK-ის ბოროტად გამოყენება გრძელდება

სამართლიანი არჩევნები აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნებზე სოციალური მედია მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი იქნება.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებისთვის FACEBOOK-ის ბოროტად გამოყენება გრძელდება.

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სოციალური მედია საარჩევნო პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი იქნება. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა და შემდგომმა პერიოდმა ცხადყო, რომ ფეისბუქი არა მხოლოდ პოლიტიკური აქტორების მხრიდან საკუთარი პროგრამებისა და იდეების გასავრცელებლად ან დისკუსიისთვის, არამედ პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნითაც გამოიყენება – დეზინფორმაციისა და სხვადასხვა დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელების გზით, რასაც ორგანიზებული და მიზანმიმართული ხასიათი აქვს. მართალია, ფეისბუქის მიერ პლატფორმაზე ანგარიშების წაშლამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საინფორმაციო სივრცის განტვირთვაში, თუმცა ამ ღონისძიებას დროებითი ეფექტი აქვს და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის პლატფორმის ბოროტად გამოყენება კვლავ გრძელდება". –აღნიშნავს ISFED.

ორგანიზაცია ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას, საარჩევნო ადმინისტრაციას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და პოლიტიკურ პარტიებს რეკომენდაციებით მიმართავს:

საქართველოს ხელისუფლებას

მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნას;

COVID-19-ის არსებობით გამოწვეული რისკების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. აუცილებელია, ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება და დაწესებული რეგულაცია იყოს ზომიერი და არსებული რისკის პროპორციული, რომ არ მოხდეს საარჩევნო უფლების გაუმართლებლად შეზღუდვა;

მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მედიაორგანიზაციების თავისუფალ და მიუკერძოებელ საქმიანობას. დაუშვებელია, მოხდეს ნებისმიერი ფორმით ჩარევა მაუწყებლის საქმიანობაში და მისი დამოუკიდებლობის გარანტიების შეზღუდვა.

საარჩევნო ადმინისტრაციას

საარჩევნო ადმინისტრაციამ მისი კომპეტენციის ფარგლებში ეფექტური ზომები უნდა განახორციელოს COVID-19-დან მომდინარე საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და მაქსიმალურად უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზაცია უსაფრთხო და სამართლიან გარემოში;

საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული წევრებით დაკომპლექტებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათი შერჩევა ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე მოხდეს. ამ პროცესში კიდევ უფრო იზრდება ცესკოს როლი, ხელი შეუწყოს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი გარემოს ფორმირებას;

საარჩევნო ადმინისტრაციამ ეფექტური რეაგირება უნდა მოახდინოს დავებზე და გადაწყვეტილება საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად მიიღოს, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ფორმალური და ზედაპირული კრიტერიუმების არსებობას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს

არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება აუდიტის სამსახურის მანდატი საარჩევნო მიზნებით პოლიტიკური დაფინანსებისა და ხარჯების თვალსაზრისით, ასევე სოციალურ ქსელებში განთავსებული პოლიტიკური რეკლამებისა და საარჩევნო მიზნით გაწეული ხარჯების მონიტორინგის მიზნებიდან გამომდინარე. გასული არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სოციალური მედიის პლატფორმებზე და განსაკუთრებით Facebook-ზე საარჩევნო რეკლამისა თუ საწინააღმდეგო აგიტაციის მიზნით დახარჯული თანხების ოდენობის და წარმომავლობის დადგენა. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეფექტური და დროული რეაგირება მსგავს შემთხვევებზე, რათა ეს ხარჯები არ დარჩეს აუდიტის სამსახურის კონტროლის მიღმა.

პოლიტიკურ პარტიებს

პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა არ უნდა გამოიყენონ ანონიმური კამპანიები, რომელიც მიმართულია ოპონენტების, მედიასაშუალებებისა და არჩევნებში ჩართული სხვა აქტორების დისკრედიტაციისკენ.

კომენტარები