დონალდ ტრამპი

თეთრი სახლი: ტრამპი სოციალური მედიის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს

დონალდ ტრამპი
teletrader

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას სოციალური მედიის შესახებ.

ბრძანების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Twitter-მა ტრამპის ერთ-ერთ პოსტს შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გამო სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშანი გაუკეთა. ტრამპმა კომპანია გააკრიტიკა.

"დიდი ტექნოლოგიური კომპანიები ყველაფერს აკეთებენ, რაც ძალუძთ, რომ 2020 წლის არჩევნებზე წინასწარ გაავრცელონ ცენზურა. ეს თუ ასე მოხდება, ჩვენ ჩვენი თავისუფლება აღარ გვექნება. არასოდეს დავუშვებ, რომ ეს მოხდეს! ძალიან ცდილობდნენ 2016 წელს და წააგეს. ახლა ბოლომდე გიჟდებიან. დარჩით ხაზზე!!!", - დაწერა მან საკუთარ Twitter-ზე.

მანამდე კი ტრამპი მძლავრი რეგულაციებით და დახურვით დაემუქრა იმ ონლან პლატფორმებს, რომლებსაც კონსერვატიული ხმების ჩახშობაში ადანაშაულებს.

ტრამპის მუქარას გამოეხმაურა Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი. მან დაწერა, რომ კომპანია გააგრძელებს საკუთარ პლატფორმაზე არჩევნების შესახებ მსოფლიოს მასშტაბით სადავო ინფორმაციის გამოვლენას.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Twitter-ის მიერ შემოღებული ახალი წესები ტრამპის ტვიტებს შეეხო.

ტრამპის ტვიტი ფოსტით ხმის მიცემას შეეხებოდა. "ნულოვანი შანსია, რომ ფოსტით ხმის მიცემა თაღლითობა არ აღმოჩნდეს", - დაწერა მან, ხოლო ტვიტის ქვეშ გაჩნდა გაფრთხილება წარწერით "გაეცანით ფაქტებს ფოსტით ხმის მიცემის შესახებ". მითითებულ ბმულზე მოცემულია სხვადასხვა ამერიკული მედიის, მათ შორის CNN-ის და The Washington Post-ის სტატიები ამ თემაზე, რასაც მოჰყვება სექცია "რა უნდა იცოდეთ", სადაც ტრამპის მიერ შეცდომაში შემყვანი განცხადება გასწორებულია.

ტრამპი მომხდარს Twitter-ზევე გამოეხმაურა და დაწერა, რომ კომპანია ცდილობს, ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა. მან სოციალური ქსელი არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა:

"ახლა Twitter-ი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა. ისინი ამბობენ, რომ ჩემი განცხადება ფოსტით ხმის მიცემის შესახებ, რომელსაც უზარმაზარ კორუფციამდე და გაყალბებამდე მივყავართ, არასწორია. ისინი ეყრდნობიან ცრუ მედიებს, CNN-ს და Amazon-ის Washington Post-ს. Twitter-ი ცდილობს, ჩაახშოს სიტყვის თავისუფლება და მე, როგორც პრეზიდენტი, ამას არ დავუშვებ!", - დაწერა მან.

ტვიტერმა საკუთარ პლატფორმაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე პოლიტიკა მიმდინარე თვის დასაწყისში შეცვალა.

ჯეკ დორსიმ თქვა, რომ აქტიურად ებრძვიან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას და ამისათვის მათი პლატფორმის გამოყენებას. ასევე აიკრძალა პოლიტიკური რეკლამები. ამას ტრამპის მხარდამჭერების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მათ მიაჩნიათ, რომ ამგვარად Twitter ცდილობს, გააჩუმოს ტრამპი და კონსერვატორები.

კომენტარები