აშშ-ჩინეთი

აშშ-მა ჩინელი ჟურნალისტებისთვის სავიზო წესები გაამკაცრა

Dave Simonds | The Economist

8 მაისს აშშ-მა ჩინელი ჟურნალისტებისთვის სავიზო წესები გაამკაცრა. ამ გადაწყვეტილებით, ჩინელ ჟურნალისტებს აშშ-ში ვიზის ხანგრძლივობა 90 დღემდე შეუმცირდებათ, თუმცა გახანგრძლივების შანსი ექნებათ.

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ერთერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ახალი წესებით,  დეპარტამენტს ჩინელი ჟურნალისტების ვიზის აპლიკაციის განხილვა უფრო ხშირად შეეძლება. ეს, სავარაუდოდ, აშშ-ში ჩინელი ჟურნალისტების რაოდენობას შეამცირებს.

"ეს უფრო დიდ ეროვნულ უსაფრთხოებას მოიტანს," - ამბობს ანონიმური წყარო. 

აღსანიშნავია, რომ ახალი წესები არ გავრცელდება ჩინეთის ორი ნახევრად ავტონომიური ტერიტორიის, ჰონგ-კონგისა და მაკაოს, ჟურნალისტებზე.

ახალი შეზღუდვა ორშაბათიდან, 11 მაისიდან ამოქმედდება.

18 თებერვალს ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთის ხუთი სახელმწიფო, პროპაგანდული მედია Xinhua, China Global Television Network, China Radio International, China Daily და People's Daily კომუნისტური სახელმწიფოს აგენტებად, საგარეო მისიებად გამოაცხადა.

19 თებერვალს ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ Wall Street Journal-ის სამ ჟურნალისტი 3 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიის "ჩინეთი აზიის დაავადებული კაცია" გამო გააძევა. სტატია აკრიტიკებდა ახალ კორონავირუსზე პეკინის რეაგირებას და ქვეყნის ეკონომიკისა და პოლიტიკური სისტემისთვის ეპიდემიის შედეგებს განიხილავდა.

2 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში ჩინეთის მთავარ სახელმწიფო მედია სააგენტოებში მომუშავე ჩინელი პერსონალის რაოდენობაზე ზედა ზღვარი დააწესა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ დღეს ჩინეთში ყველა სახის დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას ახშობენ და თავისუფალ სიტყვაზე პეკინის შეტევა არის უფრო ძლიერი, ვიდრე ეს ათი წლის წინ იყო. ადმინისტრაციაში დღევანელ ჩინურ მედიას ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის მედიას ადარებენ.

ჩინეთი 2020 წლის მედია თავისუფლების ინდექსით 180 ქვეყნიდან 177-ე ადგილზეა და მხოლოდ ერიტრეას, თურქმენეთს და ჩრდილოეთ კორეას უსწრებს.

2019 სექტემბერში ჩინეთში გამოაცხადეს, რომ პრეს ბარათის ასაღებად პრეზიდენტისადმი ერთგულების ტესტის ჩაბარება იქნება საჭირო.

ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო. ასევე, აშშ ჩინეთს უსამართლო ვაჭრობაში, ტექნოლოგიურ მანიპულაციაში ადანაშაულებს.

კომენტარები