ახალი კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ჯერჯერობით პლაქვენილზე უკეთესი ალტერნატივა არ გვაქვს, თუ შეიქმნება - ჩანაცვლდება

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, საქართველოში Covid 19-ის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ინფიცირებულთა მკურნალობის პროტოკოლში პრეპარატი პლაქვენილის ჩანაცვლება არ იგეგმება, ვინაიდან უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს. თუმცა, როგორც კი გაჩნდება, მკურნალობის პროტოკოლში დაუყოვნებლივ შევა ცვლილებები.

"პროტოკოლი, ჯერჯერობით, არ შეიცვლება და დარჩება ისე, როგორც წერია, რომ პლაქვენილი ენიშნებათ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე ავადმყოფებს. ეს ტაქტიკა და გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება ამერიკის წამლის და საკვების პროდუქტების ადმინისტრაციის რეკომენდაციებს. ზუსტად ასეთი რეკომენდაცია გასცა FDA-მ 28 მარტს და ამის შემდეგ ეს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

ასე მკურნალობა ასევე შეესაბამება გერმანიის ად სხვა წამყვანი ქვეყნების პრაქტიკას. რაც ყველაზე მთავარია, ამ ტაქტიკამ მაქსიმალურად გაამართლა საქართველოში. საქართველოში გვყავს 420 პაციენტი და 5 გარდაცვლილი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ჩვენზე ნაკლები და გარდაცვლილი ავადმყოფი ყავს მხოლოდ ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორებიც არის ლიხტენშტეინი, მონაკო, ვატიკანი და მონტენეგრო. ამავე დროს, არ ყოფილა აბსოლუტურდ არც ერთი გართულება პლაქვენილისგან.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოში გარდაცვლილი მხოლოდ 5 პაციენტი პლაქვენილის დამსახურებაა - არა, ასე არ არის. ჩვენ პლაქვენილის გარდა ვიყენებთ ძალიან ბევრ სხვა მედიკამენტს, თითოეულ პაციენტთან ვიყენებთ ინდივიდუალურ მიდგომას. ძალიან საინტერესო ინოვაციური მიდგომები გვაქვს. მარტო პლაქვენილს წარმატებას ვერ მივაწერთ, მაგრამ მისი დამსახურებაც არის ასეთი კარგი შედეგი. ამიტომ, ამ ეტაპზე არავითარი საფუძველი არ გვაქვს ამ პუნქტში ცვლილების შეტანის.

მაგრამ მთელ მსოფლიოში ახალი მედიკამენტების კვლევები მიმდინარეობს თუ დაიდება სარწმუნო, დამაჯერებელი შედეგები რომელიმე სხვა მედიკამენტის პლაქვენილზე უკეთეს ეფექტზე, მაშინვე, დაუყოვნებლივ შევიტანთ ცვლილებებს. ამ ეტაპზე ცვლილებები არ იგეგმება, რადგან უკეთესი ალტერნატივა არ არის", - თქვა მან.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ-გვერდზე 13 აპრილს განახლებული მითითებების მიხედვით, პლაქვენილი (ქლოროქინი), მალარიის სამკურნალო პრეპარატი გამოიყენება ზრდასრული ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ, რომელთა წონა 50 კილოგრამს აღემატება. თუმცა, პარალელურად, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე წამლის ეფექტურობის კვლევა გრძელდება.

კომენტარები