Coda წერილი

CODA წერილი: რა უნდა ვიცოდეთ ვირუსის შესაჩერებელ ქართულ აპლიკაციაზე

პანდემიის პირობებში ყოველი სწორი ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს. ამიტომ გადავწყვიტეთ, Coda-ს ქართულენოვანი წერილი დროებით აღვადგინოთ. რეგულარულად მოგაწოდებთ ინფორმაციას ყველაზე სანდო, ოფიციალური წყაროებიდან ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ყოველდღიურად ცვლის. 

Coda-ს ქართულენოვანი წერილი შეგიძლიათ გამოიწეროთ ამ ბმულზე. 

ავტორი: სოფიკო ვასაძე 

ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ცვლის.  

ბოლო მონაცემები. და რაც მნიშვნელოვანია:

  • COVID19-ით მსოფლიოში 2.4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, დაიღუპა 170 000-ზე მეტი. საქართველოში 408 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, 4 - გარდაცვლილი. 
  • საქართველო კვლავ ეპიდემიური პიკის მოლოდინშია.

    "საშუალო სიმძიმის პირობებში 9 მაისისთვის ინფიცირების 2,000 შემთხვევას ველოდებით, ცუდ შემთხვევაში კი, შესაძლოა, გვყავდეს 4,000-ზე მეტი ინფიცირებულიც", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, განაცხადა. 
  • იტალიაში ინფექციის აშკარა შემცირება შეინიშნება, გერმანია, დანია და ნორვეგია რეგულაციების შემსუბუქებას იწყებენ. ავსტრალიელებს სიდნეის სანაპიროებზე ვარჯიშის უფლება მისცეს. ინდოეთში ზოგი ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო წარმოება განახლდა. ირანმა რამდენიმე სავაჭრო ცენტრი გახსნა. 
  • შემსუბუქებას თეთრი სახლიც გეგმავს. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ანტისხეულებზე ტესტირებით რამდენიმე კვირაში ამერიკელებს შესაძლებლობა ექნებათ, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს.

“ტესტირება გვაჩვენებს, როგორ შეიძლება გამოვიმუშაოთ მშვენიერი იმუნიტეტი” - განაცხადა ტრამპმა.

  • კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ამერიკიდან: პრეზიდენტმა დღეს დილით უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და დროებით შეაჩერა ამერიკაში იმიგრაცია. 
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თქმით, "ომი ჯერ კიდევ წინ გვაქვს".

რა უნდა ვიცოდეთ ვირუსის შესაჩერებელ ქართულ აპლიკაციაზე: 

კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტის ამომცნობი აპლიკაციის ქართული ვერსია უკვე მუშაობს. 

აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად შექმნა და მისი კოდი გაასაჯაროვა. 

საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებმა აპლიკაციას გარკვეული ფუნქციები დაამატეს. ნებისმიერი ინფორმაცია, ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, სამი წლის ვადით ინახება. აპლიკაციას მუშაობისთვის სჭირდება წვდომა ისეთ პერსონალურ მონაცემებზე, როგორიცაა:

  • მომხმარებლის და მასთან კავშირში მყოფი პირების ID;
  • ლოკაცია;
  • მობილურის ნომერი;
  • ინფიცირების ისტორია;
  • სმარტფონის ოპერაციული სისტემის მიერ მოწოდებული აქტივობების მონაცემები;
  • მომხმარებლების ID-ები, რომლებთანაც თქვენ შესაძლოა გქონდათ კონტაქტი;
  • კონტაქტის დრო, ხანგრძლივობა და ადგილმდებარეობა;
  • ფუნქციური ზარები აპლიკაციაში;
  • ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხართ COVID-19-ით ინფიცირებული;
  • თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი.

აპლიკაცია იყენებს Google Nearby ტექნოლოგიას მობილურებს შორის მანძილის დასადგენად. ცხადია, აპლიკაცია საკმაოდ მაღალი სიზუსტით აკონტროლებს მომხმარებლის გადაადგილებას, რადგან ეს მას უშუალო ფუნქციის განსახორციელებლად სჭირდება. 

აპლიკაციამ რომ იმუშაოს, საჭიროა, მუდმივ რეჟიმში გქონდეთ ჩართული ბლუთუზი და ლოკაცია. 

ჩვენი დაცვა — ჩვენივე პერსონალური მონაცემებით. 

"იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს ტექნიკურად დაცული ინფორმაცია, ჩვენ ვშიფრავთ თქვენს სმარტფონზე პროგრამის მიერ შეგროვებულ მონაცემებს და ასევე გადავცემთ დაშიფრულ ინფორმაციას სერვერზე" - ვკითხულობთ აპლიკაციაში. 

მონაცემები გაზიარებული იქნება ავსტრიულ ტექნოლოგიების პროვაიდერთან -  Technologieplattform zum Krisenmanagement - ისინი იმოქმედებენ, როგორც სერვისის გარე მომწოდებლები და მონაცემებს დაამუშავებენ, რათა აპლიკაციების ქვეყნებს შორის ანალიზისა და მონაცემთა მოდელირების მიზნით, გაააქტიურონ საერთაშორისო თავსებადობა.

ასევე აპლიკაციის კონფიდენციალურობის მუხლში წერია, რომ მათ შეუძლიათ, გამოიყენონ ნებისმიერი მონაცემი, რომელსაც:

  • თქვენ შექმნით, აგზავნით, ატვირთავთ;
  • გადასცემთ ან სხვაგვარად გახდით ხელმისაწვდომს სერვისების საშუალებით;
  • "თქვენი მონაცემები" მოიცავს სხვა მომხმარებლებთან შეხვედრებს, ადგილმდებარეობის კოორდინატებს, პროფილის ინფორმაციას და სხვა ყველაფერს, რასაც სერვისში შეიტანთ ან ატვირთავთ.

ქართველი ექსპერტების თქმით, საგულისხმოა, რომ:

"ამ ეტაპზე რა საფრთხეც იკვეთება არის შემდეგი: არავის აქვს გარანტია, რომ აპლიკაციას მერე არ დაემატება რაიმე ფუნქცია, რაც კიდევ დამატებით სხვა მონაცემებთან წვდომის საშუალებას მისცემს.

თან, როგორც ხდება, ადამიანები ხშირად არ კითხულობენ რას ეთანხმებიან. ნდობის საკითხი მწვავედ დგას, მითუმეტეს ამ ფონზე რაც ახლა ქვეყანაშია" - მითხრა ეთო ბუზიაშვილმა, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა. 

კიბერუსაფრთხოების ექსპერტის, ანდრო გოცირიძის, თქმით, ამ ეტაპზე აპლიკაცია უსაფრთხოა და მხოლოდ იმაზე აქვს წვდომა, რაზეც გვაფრთხილებს. 

"მიუხედავად ამისა, მას აქვს 3 წლით ჩვენი პერსონალური მონაცემები, რომელთა გაჟონვაც ბუნებრივია დისკომფორტია, რადგან სენსიტიურ მონაცემებსაც შეიცავს".

გოცირიძის თქმით, სანუგეშო ისაა, რომ აპლიკაციის უკან ევროპული კოდი დგას და სხვა ქვეყნების "უპასუხისმგებლო" აპლიკაციებთან შედარებით, ეს კოდი უფრო დაცული და უსაფრთხოა. 

მაგრამ, თავად ევროპაში, ექსპერტთა უმრავლესობა ამით თავს ვერ იმშვიდებს.

ევროპელები აპლიკაციის წინააღმდეგ: 

ევროპაში, ვირუსის შესაჩერებელი აპლიკაცია უკვე დიდ ვნებათაღელვას იწვევს. აპრილის დასაწყისში 130-ზე მეტი ევროპელი მეცნიერი და დეველოპერი შეიკრიბა აპლიკაციის შესაქმნელად, რომელმაც ვირუსის დასამარცხებლად უნდა იმუშაოს.

სამი კვირის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა, 300-მდე მკვლევარი სხვადასხვა ქვეყნიდან აქვეყნებს ღია წერილს, რომელიც გვაფრთხილებს საზოგადოების უპრეცედენტო თვალთვალის შესახებ, ამაზე გერმანულმა გამოცემა Süddeutsche Zeitung-მა დაწერა.

იმისთვის, რომ აპლიკაციამ წარმატებით იმუშაოს, საჭიროა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გადმოწეროს ის. თუმცა არის ამ ყველაფერში ერთი კრიტიკული საკითხიც, რასაც სახელმწიფოებისადმი ნდობა ჰქვია. 

ტორზენ ჰელცის, რურის უნივერსიტეტის სისტემური უსაფრთხოების კათედრის ხელმძღვანელი, ღია წერილის ერთ-ერთი ხელმომწერია და ამბობს, რომ ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა, შეიძლება, ბოროტად გამოყენების სამიზნე გახდეს, განსაკუთრებით კი ავტორიტარულ ქვეყნებში.

"აკადემიური პარტნიორების ნაწილმა უკვე დატოვა პროექტი, რაც თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე" - თქვა ჰელცმა. 

ევროპარლამენტი მხარს უჭერს აპლიკაციის დეცენტრალიზებას. სერვერის დეცენტრალიზაციის მოხმრეები არიან ასევე Google და Apple-იც. 

პანდემიის პირობებში, მაშინ, როცა ადამიანები ისედაც სტრესში ვართ, რა შეიძლება გამოიწვიოს მუდმივ რეჟიმში თვალთვალის შეგრძნებამ.  

ფსიქოთერაპევტ ირმა კვაჭაძეს ვესაუბრე, მითხრა, რომ როდესაც გვიწევს არჩევანის გაკეთება, უნდა ვიხელმძღვანელოთ "მეტი სარგებლიანობის პრინციპით" და მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქმედებას, რომელმაც რეალურად უნდა შეგვიმციროს შფოთვა, ის არ უნდა გახდეს ახალი შფოთვის, დისკომფორტის თუ დისტრესის მიზეზი. 

“ის ფაქტი, რომ ჩვენი პირადი მონაცემები ინახება სერვერზე, რომელიც არ იმართება ჩვენ მიერ, სხვადასხვაგვარად აღიქმება სხვადასხვა პიროვნული სტრუქტურის მქონე ადამიანების მიერ. დაკვირვების რეჟიმში ყოფნა არ არის სახარბიელო მდგომარეობა, ირღვევა ჩვენი როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური სივრცე".

კომენტარები