კორონავირუსი

მეუფე გრიგოლი: სიას გავაკეთებთ, ჩვენი მამები სახლში გაზიარებენ - დარეკეთ, დაგვიკავშირდით

მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი
ფოთისა და ხობის ეპარქია

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკვირაო ლიტურგია ჩაატარა და ქადაგების შემდეგ მრევლი ერთი კოვზით აზიარა. ქადაგების დროს მან ზიარების წესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შედგება მსურველთა სია და სასულიერო პირები მათ თავად მიაკითხავენ სახლებში. 

"მე გპირდებით, ვინც გაითვალისწინებს კურთხევას, საკუთარ თავსაც მოერიდება, უსაფრთხოების წესებს გაითვალისწინებს, ან დარეკეთ, ან დაგვიკავშირდით, სიას გავაკეთებთ, ჩვენი მამები სახლში მოვლენ და იქ გაზიარებენ. არც ისე ხშირად ვეზიარებით ხოლმე ჩვენ რომ მაინც და მაინც ეხლა ყოველდღიურად მოგვინდეს, ყოველ წირვაზე ზიარება. ზოგი მარტო აღდგომაზე მოდის, ზოგი მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ეზიარება და ჩათვალეთ რომ ჩვენი მარხვა ის არის რომ შევასრულოთ ეს კურთხევა რასაც გეუბნებით… თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას, კურთხევას, დავალებას, იძულებული ვიქნებით ნათლისღების ტაძარში ჩავატაროთ წირვა, სადაც 5 კაცზე მეტი არ ეტევა"-ამბობს მეუფე გრიგოლი. 

საქართველოს ეკლესია უარს ამბობს, როგორც ღვთისმსახურებათა შეჩერებაზე, ისე ერთი კოვზით ზიარების წესის შეცვლაზე.

გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხებოდა.

მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საპირისპირო განცხადება გააკეთა: "პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის, რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი.

20 მარტს შეკრებილმა წმიდა სინოდმა, ეპიდემიას უმოქმედობით უპასუხა - ღვთისმსახურებები არ შეაჩერა, ზიარების წესი არ შეცვალა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი ზომები არ მიიღო.

წმიდა სინოდმა გვერდი აუარა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებსა და არ გაითვალისწინა სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ მიღებული დამატებითი ზომები.

საბერძნეთის შემთხვევაში, წმიდა სინოდის მიერ მიღებულ მსგავს გადაწყვეტილებას, რომელიც არ აკმაყოფილებდა ქვეყნის ჯანდაცვის დაწესებულებების მოთხოვნებს, საბერძნეთის მთავრობამ ღვთისმსახურებების შეჩერებით უპასუხა.

არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ.

კორონავირუსთან დაკავშირებით საზიარებელი კოვზის დეზინფექცია დაიწყო მოსკოვის საპატრიარქომ, ხოლო უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კოვზი საერთოდ ამოიღო პრაქტიკიდან. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილმა ერისკაცებისთვის ლიტურგიაზე არდასწრების რეკომენდაცია გასცა.

საქართველის ხელისუფლების მიერ მიღებული შეზღუდვების შემდეგ, რომელმაც გამონაკლისების გარდა ყველა სახის ვაჭრობას კრძალავს, ეკლესია აგრძელებს ღვთისმსახურებების აღსრულებას, რაც ეპიდემიის გავრცელების რისკს წარმოქმნის.

კომენტარები