Coda წერილი

მართლა გაგვიჭედავს თუ არა ინტერნეტი "ჟამიანობის" დროს და რა ხდება რუსეთში

პანდემიის პირობებში ყოველი სწორი ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. ამიტომ გადავწყვიტეთ, Coda-ს ქართულენოვანი წერილი დროებით აღვადგინოთ. რეგულარულად მოგაწოდებთ ინფორმაციას ყველაზე სანდო, ოფიციალური წყაროებიდან ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ყოველდღიურად ცვლის.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები, ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ცვლის.

Coda-ს ქართულენოვანი წერილი შეგიძლიათ გამოიწეროთ ამ ბმულზე.

ბოლო მონაცემები. და რაც მნიშვნელოვანია:

  • საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა 43-ია, მსოფლიოში, 244,500-ზე მეტი. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობამ 10,000 გადააჭარბა. მათ შორის არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ახალ კორონავირუსს ესპანეთში ემსხვერპლა.
  • "დარჩით სახლში" უკვე ყველა პოლიტიკოსისგან ისმის. ამერიკის ყველაზე დიდმა შტატმა, კალიფორნიამ, 40 მილიონ ადამიანს უბრძანა, სახლიდან გასვლას მოერიდოს. ის არ ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ჯანდაცვის სისტემაში, ან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებში მუშაობს. საქართველოში დღეიდან მუშაობს მხოლოდ: სურსათის მაღაზიები, სააფთიაქო ქსელები, ბენზინგასამართი სადგურები და ფოსტა.
  • უჩინარ ვირუსთან ომი რეალურ ომებს ცვლის: კერძოდ, ამერიკის სამხედრო ოპერაციებს ერაყსა და ავღანეთში. “ბრიტანეთის სამხედრო წვრთნები, რომელიც განკუთვნილია ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, შეჩერებულია 60 დღით,” განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა.
  • იტალიაში COVID-19-ის მსხვერპლთა რაოდენობამ ჩინეთისას გადააჭარბა. მთავრობა უკვე ჯარის დახმარებით ცდილობს გარდაცვლილთა დაკრძალვას. ჩინეთის წითელი ჯვრის ვიცე-პრეზიდენტი, იტალიას აფრთხილებს, რომ მხოლოდ ჩრდილოეთ იტალიის ჩაკეტვა საკმარისი არ არის და ყველანაირი ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტაა საჭირო. მაგრამ საკუთრივ ჩინეთში სიტუაცია რადიკალურად გაუმჯობესდა — 19 მარტს, არ აღწერილა არცერთი დაინფიცირებული. ჯერ უცნობია, თუ რა მოხდება, როცა ქალაქი ისევ ამუშავებდა. მაგრამ ბევრი იმედოვნებს, რომ ეს დასასრულის დასაწყისია.
  • ევროკავშირის წარმომადგენლები ნერვიულობენ, რომ ინტერნეტი ამდენი ადამიანის დისტანციურად მუშაობას ვერ გაუძლებს. ამიტომ Netflix-მა გადაწყვიტა, ევროპაში ფილმების გამოსახეულების ხარსხი შეამციროს 30 დღის განმავლობაში.
  • ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდება თურქმენეთში. პრეზიდენტმა, საჯარო შეკრებების გაუქმების ნაცვლად, ხალხს ურჩია, ხალხური მედიცინა გამოიყენონ ინფექციურ ვირუსებთან ბრძოლაში. მთავრობის სხდომაზე გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა ბალახ ჰარმალას სამკურნალო თვისებებზე ისაუბრა და თქვა, რომ ძალიან კარგია, თუ მის კვამლს გამოიყენებდნენ საჯარო თავშეყრის ადგილებში. თურქმენეთში დამოუკიდებელი მედია ამბობს, რომ ქვეყანაში რამდენიმე დაინფიცირებულია, მაგრამ თურქმენეთი იმდენად ჩაკეტილია, რომ მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. სახელმწიფო ოფიციალურად ამას არ ადასტურებს. Სტატისტიკა საგრძნობლად გაიზარდა ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში.

დღის კითხვა: გაუძლებს ინტერნეტი ცხოვრების ახალ სტილს?

ოფისები, უნივერსიტეტები და სკოლების უმრავლესობა იწყებს ონლაინ ლექციებს. ბუნებრივია, ბევრ თქვენგანს გაუჩნდა კითხვა, გაუძლებს, თუ არა ქართული ინტერნეტი ვირტუალური ცხოვრების ასეთ გააქტიურებას.

კომპანია სილქნეტში გვარწმუნებენ, რომ გაუძლებს და არავითარ შეფერხებას არ ელოდებიან. გვითხრეს, რომ უკვე გაზრდილია ინტერნეტის სიჩქარე რიგ დაწესებულებებში: მაგალითად, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიას უკვე მიეწოდება გაორმაგებული ინტერნეტ სიჩქარე. "მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა სასწავლო დაწესებულებებთან,” გვითხრა სილქნეტის წარმომადგენელმა, ლიკა მეტრეველმა.

ასევე, გაიზარდა სიჩქარე საკარანტინო ზონებში. ესენია: „აბასთუმნის ტუბ-დისპანსერი“ და „საქართველოს სატუმროები და სპა.”

როგორც მეტრეველმა გვითხრა, “სილქნეტი მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან და მარეგულირებელ კომისიასთან და აქვს ყველანაირი ხელშეწყობა ინტერნეტის (ასევე მობილური და სატელევიზიო) სერვისების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად.”

სამწუხაროდ, კომპანია მაგთიკომმა კითხვებზე არ გვიპასუხა.

მაგრამ, თუ მოსახლეობის იმ ნაწილს შეუძლია იყო წყნარად, ვისაც ინტერნეტი აქვს, როგორ მოიქცევა საქართველოს ის მოსახლეობა, ვისაც ინტერნეტი დღემდე არ აქვს? 2015 წელს, ქართულმა ოცნებამ დაპირება მოგვცა, რომ 2020 წლისთვის ქვეყნის 90% დაფარული იქნებოდა სწრაფი, ინტერნეტით. მაგრამ დღეს 20%-ზე მეტი ქართველი კვლავ ინტერნეტის გარეშეა. წაიკითხეთ ნასტასია არაბულის ამომწურავი სტატია ამ თემაზე.

სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსს სხვადასხვაგვარად პასუხობენ:

ესპანეთში Telefónica-მა, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს, ხალხს მოუწოდა, შეწყვიტონ ზედმეტი ინტერნეტის მოხმარება და მობილურის ნაცვლად, ტრადიციული სახლის ტელეფონებით ისარგებლონ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.

მაგრამ საფრანგეთში ტელეკომუნიკაციების გიგანტმა Orange-მა უფასო გახდა ბავშვთა ფასიანი ტელევიზია.

ბელგიაში, Proximus-მა ასევე უფასო მეგაბაიტები შესთავაზა თავიან მობილურ მოხმარებლებს, ხოლო Vodafone-მა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი გიგანტია, მომხმარებლებს საშუალება მისცა, უფასოდ მიეღოთ სამედიცინო ინფორმაცია.

აშშ-ში, კომპანია Comcast-მა, უფასო Wi-Fi ქსელები გახსნა ყველასთვის, ხოლო AT&T-იმ განაცხადა, რომ არ დააკისრებს ჯარიმას მათ, ვინც ვერ გადაიხდის გადასახადს პანდემიის პირობებში. ასევე აშშ-ში, კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ მიიღო დაპირება 100-ზე მეტი ადგილობრივი მობილური პროვაიდერისგან, რომ ამერიკელებს არ შეუწყდებათ ინტერნეტ კავშირი, მაისის ბოლომდე.

რეპორტაჟი მოსკოვის საავადმყოფოდან

ამ კვირის განმავლობაში ჩვენი საერთაშორისო გუნდი იძიებდა რუსეთში COVID-19-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

გამოძიების მიზეზი ის გახდა, რომ რუსეთის ოფიციალური სტატისტიკა ალოგიკურია. 150,000,000 მილიონიან რუსეთში, 200-ზე ნაკლები შემთხვევაა და მხოლოდ ერთი მსხვერპლი.

რუსეთში ინფორმაციის მოპოვება ძნელია, ექიმებს ეშინიათ. ჩვენ შევძელით, გავსაუბრებოდით ხუთ ინფექციონისტს და მოსკოვის ერთ-ერთი სახელმწიფო საავადმყოფოს თანამშრომელს. დავადგინეთ შემდეგი:

  • ოფიციალური წყაროები იუწყებიან, რომ ტესტირებას სულ 2-დან 4 საათამდე სჭირდება, მაგრამ ექიმებმა გვითხრეს, რომ ყველა ტესტი იგზავნება ნოვოსიბრისკის ერთ-ერთ ლაბორატორია “ვექტორში” და პასუხის მიღებას, დაახლოებით, 7 დღე სჭრიდება.
  • ირღვევა კარანტინის ნორმები: ვესაუბრეთ პაციენტს, რომელიც უკვე ერთი კვირაა ელოდება პასუხს მოსკოვის ერთ-ერთ სავადმყოფოში. მან თქვა, რომ პაციენტთა ნაკადი უწყვეტია, და ახალ, დაუტესტავ პაციენტებს, იზოლაციაში არ ათავსებენ. “ჩვენ გვეშინია სახლში დაბრუნების და ამ ვირუსის გარეთ გატანის”, გვითხრა მან.
  • ექიმებს არ აქვთ აღჭურვილობა: ნიღბები, ხელთათმანები და სპეც-სამოსი.
  • მთავრობა პანდემიისთვის ემზადება: ჩაიკეტა საზღვრები, შენდება ახალი სავაადმყოფოები. მაგრამ გაურკვევლობის და დეზინფორმაციის პირობებში ბევრს ეშინია, რომ სიტუაცია “კატასტროფული” გახდება

გთავაზობთ ნაწყვეტს, ჩემი კოლეგა, კატერინა ფომინას სპეც-რეპორტაჟიდან:

მუხინის სახელობის საავადმყოფო მოსკოვის აღმოსავლეთით საკმაოდ დიდ ტერიტორიას იკავებს. აქ ათზე მეტი შენობაა, მათ შორის სამშობიარო, ანტენატალური კლინიკა, პატარა სამლოცველოც კი.

6 მარტიდან, ამავე ტერიტორიაზე, დროებითი, ინფექციური განყოფილებაც გაიხსნა, რომელიც ასევე მოიცავს კარდიოლოგიაურ, კარდიორეანიმაციულ, ნევროლოგიურ და პულმენოლოგიურ მიმართულებებს. აქ, ისე როგორც მოსკოვის ორ სხვა კლინიკაში, მოჰყავთ პაციენტები რესპირაციული გართულებებით. ადამიანები კორონავირუსის დიაგნოზით კი, მოსკოვის ორ ინფექციურ საავადმყოფოში, ან საავადმყოფოთა კომპლეს “კომუნარკაში” მიჰყავთ.

ერთადერთი ექიმი, რომელიც ღიად საუბრობს რუსეთში არსებულ ვითარებაზე, არის ანასტასია ვასილევა, ექიმთა ალიანსის ხელმძღვანელი. მისი თქმით, მთავრობა მალავს მუხინის ბაზაზე გახსნილი ახალი ინფექციური განყოფილების რეალურ დანიშნულებას. ვასილევამ გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი ექიმთან, რომელიც სპეციალური აღჭურვილობის არარსებობაზე საუბრობს: “არ არის ნიღბები, არც შესაბამისი სპეც-სამოსი, არაფერი გვაქვს.”

ვასილევას ვიდეო მიმართვიდან მეორე დღეს მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, რომ სოციალურ ქსელებში გაჩენილი მესიჯები, რუსეთის მოუმზადებლობასთან დაკავშირებით, პროვოკაციულია.

იმავე დღის საღამოს, სოფიალურ ქსელებში, ფეისბუკსა და ინსტაგრამში, გაჩნდა ექიმ, ალექსადრა იზვეკოვას მიმართვა, რომელიც ვასილევას საპირისპიროს ამტკიცებს. ამბობს, რომ ყოველი პაციენტი, რომელსაც პნევმონიის დიაგნოზი აქვს, ისინჯება COVID-19-ზე.

იზვეკოვას ვიდეოში ყველა პირი ჩაცმულია სპეც-სამოსში, ატარებენ სამედიცნო ნიღბებს და სათვალეებს. იზვეკოვა ირწმუნება, რომ პერსონალი ყველაფრისთვის მზად არის. თუმცა, ამავე საავადმყოფოს ექიმები გვიყვებიან, რომ გადაღების შემდეგ მათ ყველაფერი ჩამოართვეს. Coda Story-ის საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა უამბო: “ზოგჯერ ხელთათმანებიც კი არ გვაქვს, ნიღბებზე რომ არაფერი ვთქვათ. როდესაც კითხვებს ვსვამთ, გვეუბნებიან, რომ თუ კორონავირუსიანი პაციენტი მოვა, მოგცემენ”.

კიდევ უფრო ვრცლად იმაზე, თუ რა ხდება მოსკოვში, შეგიძლიათ, Coda-ს ინგლისურ ან რუსულენოვან, გამოცემებში წაიკითხოთ.

მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რეალური სურათის დამალვაში არის ეჭვმიტანილი. ირანს, იტალიასა და ჩინეთსაც სდებენ ბრალს, არაზუსტი ციფრების გამოქვეყნებაში. სხვა ქვეყნებსაც აქვთ პრობელმები, არასაკმარისო სამედიცინო აღჭურვილობის, თუ მედპერსონალის არარსებობის. თუმცა რუსეთის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ოფიციალური პირები არ აღიარებენ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის სასიცოცხლო მნიშვნელობას.

ჯანმრთელობას გისურვებთ,

სოფიკო

და ვინ იცის?! იქნებ, პრეზიდენტი ბერდიმუჰამედოვი მართალია და ბალახ ჰარმალას, მართლაც შეუძლია ვირუსთან გამკლავება.

კომენტარები