შეწყალება

თალაკვაძე: უფრო მწვავე კითხვები იყო წინა და იმის წინა პრეზიდენტების შეწყალებების დროსაც

https://www.facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/

"შეწყალებაზე მარგველაშვილის და სააკაშვილის გადაწყვეტილებებიც დიდ კრიტიკას იწვევდა საზოგადოებაში," - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ, შეწყალებაზე, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ კითხვას. "ასეთივე და უფრო მეტად მწვავე კითხვები იყო წინა პრეზიდენტის და იმის წინა პრეზიდენტის შეწყალებების დროსაც."

თალაკვაძე მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ამ პროცესში პარლამენტის ჩართვა სურს.

"ეს არის მისი კომპეტენციის სფერო მისი დისკრეცია, ამას არეგულირებს პრეზიდენტის ბრძანებულება და ამ ბრძანებულებაში უნდა შევიდეს ცვლილებები. პრეზიდენტმა უკვე მოგვმართა და ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ თანამშრომლობაზე, აუცილებლად მივაწვდით მას მოსაზრებებს ჩვენს რჩევებს, უკვე გადმოგზავნილია სამუშაო ვერსია და მე იმედი მაქვს, რომ გონივრულ დროში შევა ცვლილებები პრეზიდენტის ბრძანებულებაში და ამის შემდეგ უკვე მოხდება კონკრეტული კრიტერიუმებით შეწყალების მექანიზმის გამოყენება," - ამბობს თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარე შეწყალებაზე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებების კრიტიკოსებს სამმაგი სტანდარტების ქონაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ერთი და იგივე ადამიანები მარგველაშვილის, სააკაშვილის და ზურაბიშვილის მსგავსი გადაწყვეტილებების შემთხვევებში სხვადასხვანაირად რეაგირებენ. 

რაც შეეხება პრეზიდენტის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების შესახებ კითხვას, თალაკვაძე პასუხობს, რომ ეს პარლამენტის გადასაწყვეტი არ არის. 

"როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით მისი შეწყალების მის გადაწყვეტილებებს, n რაოდენობით ასეთი გადაწყვეტილება ჰქონდა მას მიღებული და ეს ხალხი იყო სწორედ მაშინ ვინც ამბობდა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილებები და არანაირი კრიტიკა მათ არ გამოუთქვამთ. შემდეგ როდესაც ბატონი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, ჩვენ ვაკრიტიკებდით შეწყალების გადაწყვეტილებებს, ისევ ეს ხალხი ამბობდა, რომ მმართველი პარტია თავს ესხმის პოლიტიკურად პრეზიდენტს. დღეს როცა იგივე შეწყალების გადაწყვეტილებები არის კრიტიკის საგანი, ისევ ეს ხალხი არის ვინც ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება. სამ ერთნაირ შემთხვევაში ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდათ განსხვავებული რეაქცია და მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, როდის იყვნენ გულწრფელები," - ამბობს თალაკვაძე.

პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის მკვლელობაში მსჯავრდებული პირები არიან. 

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას არ აქვს უფლებამოსილება, საზოგადოებას რამე განუმარტოს. ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში მიმდინარე საქმის ფარგლებში, პრეზიდენტმა უპასუხა:

"არა, რატომ უნდა ვიყო [პროკურატურაში]?"

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა.

მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ორი პირის შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება". როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ცვლილებებისთვის მან პარლამენტს უკვე მიმართა.

4 ოქტომბერს, რადიო თავისუფლებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მკვლელობაში მსჯავრდებულებთან ერთად, არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულიც შეიწყალა. 

პროკურატურამ შეწყალების საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპულმა საქართველომ წერილობით მიმართა და აცნობა, რომ სანდო წყაროსგან მიიღებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას, შეწყალების საკითხით დაინტერესებული პირები უკავშირდებიან და მასთან ფინანსურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თუ რა ფასად შეიძლება იყოს ესა თუ ის პირი შეწყალებული.

23 სექტემბერს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ პირდაპირ არ თქვა, მაგრამ მიანიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სია ანგი ხუციშვილმა გადასცა. გაბუნიამ მხოლოდ მისი ამჟამინდელი თანამდებობა დაასახელა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამის გარკვევა არ გაუჭირდებათ.

შეწყალების საქმეზე ანგი ხუციშვილი და დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში 2-ჯერ გამოკითხეს. 

კომენტარები