უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

ბესელია: ჩინჩალაძეს მხარი როცა არ დავუჭირე, ჩუგოშვილსაც იგივე პოზიცია ჰქონდა

პარლამენტი

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის, კანდიდატურაზე მისი და პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის, პოზიციები მსგავსი იყო.

ბესელიამ მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ როდესაც მან ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, თხოვნაზე, მხარი დაეჭირა ჩინჩალაძის კანდიდატურისთვის, უარი განაცხადა, ჩუგოშვილიც ამ პოზიციაზე იყო. 

"იმ შეხვედრას, სადაც ვთქვი, რომ ამ სიას არ გავატანინებდი და ვთქვი, რომ ამის სანაცვლოდ გადავდგებოდი კიდეც, თამარ ჩუგოშვილი ესწრებოდა. არ ვიცი, თამარი ამას დაადასტურებს თუ არა, მაგრამ ის ამ საუბარს ესწრებოდა და მან ძალიან კარგად იცის ჩემი პოზიცია და, სხვათა შორის, მასაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა იმ შეხვედრაზე,"- ამბობს ბესელია. 

ბესელიას თქმით, ის არ შეთანხმებულა ჩუგოშვილთან, რომ ამ შეხვედრის ამბავს ოდესმე საჯაროდ მოყვებოდა. 

"იმ დღეს მასაც იგივე პოზიცია ჰქონდა და გამიკვირდა, სად წავიდა ეს პოზიცია და ყველაზე საინტერესო ის იქნება, ამას დაადასტურებს, თუ არა,"- ამბობს ბესელია. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი თავდაპირველად 2018 წლის 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრი იყო.

სწორედ ეს სია გახდა ქართული ოცნების გუნდში დაპირისპირების საგანი, რასაც შედეგად ეკა ბესელიასა და კიდევ რამდენიმე დეპუტატის მიერ პარტიიდან წასვლა მოჰყვა. 

კომენტარები