რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის საქმე - სტრასბურგის გადაწყვეტილებას იურისტი გიორგი ჩიტიძე განმარტავს

გიორგი ჩიტიძე
რადიო თავისუფლება

იურისტი გიორგი ჩიტიძე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას განმარტავს, რომელმაც რუსთავი 2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა.

  1. რუსთავი 2-ის ნაწილში სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი. შესაბამისად, გამოირიცხა დავა გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში;
  2. სხვა მოსარჩელეების ნაწილში, სტრასბურგმა მიუთითა, რომ მისი საქმე არაა შეაფასოს, უზენაესმა სწორად განმარტა თუ არა ეროვნული კანონმდებლობა, სწორი სამართლებრივი შეფასება დადო თუ არა ან/და გასცდა თუ არა მოთხოვნის ფარგლებს. სტრასბურგის სასამართლომ უნდა შეაფასოს, უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ გავლენა იქონია თუ არა, მხარეთა შეჯიბრებითობასა და თანასწორობაზე. სტრასბურგმა მიუთითა მოსარჩელეებს, რომ როცა მეუბნებით, უზენაესმა გადაწყვეტილება რადიკალურად შეცვალა და ამით არათანასწორ მდგომარეობაში ჩაგაყენათ მოპასუხე მხარესთან მიმართებით, ზოგადად, ეგ შეიძლება მოხდესო. თუმცა, პირველ ორ ინსტანციაში რა მუხლების გამოყენებასაც ითხოვდით, ეგ ქნა უზენაესმა და ახლა ამბობთ, უთანასწორო იყოო. მაგას არ "ვჭამო";
  3. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, პრინციპში, დასაბუთებული იყო და მხარეებმა იცოდნენ, რომ შესაბამისი ნორმების განმარტების კარგად დამკვიდრებული პრაქტიკა არსებობდაო;
  4. მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, სასამართლომ მიუთითა, რომ 2 მოსამართლის მიმართ აცილების საკითხი, მოსარჩელეებს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დაეყენებინაო და რადგან არ ქნაო, ფორმალურად დაუშვებელია, რადგან არ ამოწურულა შიდაეროვნული მექანიზმიო;
  5. მოსარჩელეების მოთხოვნა საკუთრების უფლების კონტექსტში დაუსაბუთებელია და არ მივიღებ წარმოებაშიო. იგივე თქვა კონვენციის მე-18 მუხლზე საკუთრების უფლებასთან კავშირში;
  6. დაბოლოს, მოსარჩელეთა მოთხოვნა, რომ მათი ქონებრივი დავის განხილვა არ მოხდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერო, რადგან 4 მოსამართლე, ურთმელიძე პირველ ინსტანციაში და სხვები სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში, მიკერძოებულები იყვნენო. სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა:
  • ურთმელიძის დანიშვნა საქმეზე პრობლემური არ იყოო, ასევე ის ფაქტი რომ დედამისზე სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობდა და ამან გავლენა მოახდინა მის გადაწყვეტილებაზე, დაუსაბუთებელიაო. ურთმელიძის ცოლის Facebook პოსტიც არაფერ შუაშიაო.
  • სააპელაციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოების შემთხვევაშიც, სტრასბურგის სასამართლომ არ მიიჩნია დასაბუთებულად მოსარჩელეთა არგუმენტები, რომ კონკრეტული მოსამართლეების ჩართულობით, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა რომელიმე ამ ინსტანციის სასამართლო დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.
  • ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დიდი ნაწილი არ მიიღო სასამართლომ განსახილველად, ხოლო რაც მიიღო, ვერანაირი დარღვევა ვერ დაადგინა.

P.S. გადაწყვეტილებას თან ახლავს ერთერთი მოსამართლის განსხვავებული აზრი.

დღეს, 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მფლობელად ქიბარ ხალვაშია აღიარებული. მან გადაწვეტილების გამოქვეყნების შემდეგ განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკას არ შეეხება, თუმცა კომპანიაში მუშაობას ვერ გააგრძელებს ნიკა გვარამია. ხალვაშის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი მისი ადვოკატი პაატა სალია გახდება. ამასთან, ხალვაშმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დაიბრუნა ტელეკომპანია. გარდა ამისა, ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ მზადაა მაქსიმალურად გაითვალისწინოს რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ინტერესი.

კომენტარები